მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კარლ ჰარცელი: მივესალმები ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით მიღებულ სასიკეთო ცვლილებებს კანონმდებლობაში

ჰარცელი შეხვედრაზე

„ვწუხვარ, რომ ახალი საარჩევნო კანონმდებლობის უფრო ფართო პოლიტიკური მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობა ხელიდან იქნა გაშვებული“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს.

როგორც ელჩმა აღნიშნა, სასურველი იქნებოდა უფრო ამბიციური რეფორმების განხორციელება ეუთო/ოდირის მიერ რეკომენდებულ საკვანძო სფეროებში.

„გუშინ, საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა, რაც ერთ წელზე მეტი ხნის წინ დაწყებული პროცესის შედეგი იყო და რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლობა აქტიურად უჭერს მხარს. მივესალმები ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციების გათვალისწინებით მიღებულ სასიკეთო ცვლილებებს კანონმდებლობაში, მათ შორის საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულთა მიერ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლებების რეგულირებას, მეორე ტურებისთვის მკაფიოდ განსაზღვრულ რეგულაციებს, ქალთა წარმომადგენლობის მხარდაჭერას, საარჩევნო კომისიების წევრებთან მიმართებაში ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვასთან დაკავშირებული წესების დახვეწასა და პარტიების დაფინანსების რეგრესული მოდელის დანერგვას. სასურველი იქნებოდა უფრო ამბიციური რეფორმების განხორციელება ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) მიერ რეკომენდებულ საკვანძო სფეროებში, როგორებიცაა ამომრჩეველზე ზეწოლა, დავების განხილვა და საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება. ვწუხვარ, რომ ახალი საარჩევნო კანონმდებლობის უფრო ფართო პოლიტიკური მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობა ხელიდან იქნა გაშვებული.

მოახლოვებული საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი მომენტი იქნება საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების - დაიცვას დემოკრატიული პროცესები და კანონის უზენაესობა - შესრულების შესაფასებლად. ველი, რომ პროცესი ახალი წესების დაცვით ჩატარდება და არჩევნებისთვის შემდგომი მზადება განხორციელდება. ევროკავშირი მზადაა გააგრძელოს საქართველოსთვის დახმარების გაწევა მისი მიზნის მიღწევაში, რაც შემოდგომაზე არჩევნების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას გულისხმობს“, - აღნიშნა ჰაერცელმა.

ცნობისთვის, 29 ივნისს 117 მომხრე, 3 წინააღმდეგი - პარლამენტმა ახალ საარჩევნო მოდელზე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.

ცვლილებების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. 120/30-ზე მოდელი გულისხმობს, რომ პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი 30 იქნება. ერთჯერადად რჩება ბლოკის ინსტიტუტი. ბლოკებისთვის არის დიფერენცირებული საარჩევნო ბარიერი, კერძოდ რამდენი პარტიაც იქნება წარმოდგენილი ბლოკში, იმდენი პროცენტი უნდა გადალახოს საარჩევნო სუბიექტმა. თბილისში წარმოდგენილია 8 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, რაც შეხება საქართველოს დანარჩენ ტერიტორიას, აქ შექმნილია 22 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.