მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჰოსპიტალურ სექტორს ინტენსიური მონიტორინგი უტარდება

ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი, 2020

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში რეგიონების ჰოსპიტალურ სექტორს, როგორც მოსალოდნელ პირველი მიღების ზოლს, მონიტორინგი უტარდება. დეპუტატი სტუმრად ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში იმყოფებოდა.

მისივე თქმით, მონიტორინგი უკვე განხორციელდა: ქუთაისში, ფოთში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლში, რუსთავში, ბოლნისში და აჭარაში.

„ახლა მივემართებით სამეგრელოში. შემდეგ, რა თქმა უნდა, იქნება რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი და ასე ყველა რეგიონს შევამოწმებთ და ვნახავთ. ჩვენ არა მხოლოდ რევიზიას ვაკეთებთ, არამედ ადგილზე ვაკეთებთ ხარვეზების იდენტიფიცირებას, ვაძლევთ რეკომენდაციებს და რჩევებს. ჩვენ ახალი მექანიზმი შევიმუშავეთ დღეს. კერძოდ,  ყველა რეგიონს ეყოლება ლიდერი ამ მიმართულებით, რომელიც მთელი ამ პროცესის განმავლობაში, ზედამხედველობის კუთხით, მონიტორინგს გაუწევს ჰოსპიტალური სექტორის მზაობას. ამ ვერტიკალში ე.წ ლიდერები, ძირითადად, დეპუტატები იქნებიან. ისინი შევლენ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის მართვის რგოლში და შემდეგ, რა თქმა უნდა, საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში, პირდაპირი კომუნიკაცია გვექნება პრემიერმინისტრთან“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ხუნდაძის განმარტებით, ჰოსპიტალური სექტორი მზად უნდა იყოს ყველაზე რთული სცენარისათვის, რომ ამას ნამდვილი მზაობა ერქვას.

„ჩვენ ვამოწმებთ პერსონალის მზაობას. მათ უტარდებათ კონსულტაციები. ისინი გადიან გადამზადებას, ტრენინგებს, რომ ამ სიტუაციაში იცოდნენ როდის, სად და როგორ უნდა მოიქცნენ. ვამოწმებთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს, რომ მათ ჰქონდეთ მარაგები, ასევე, რომ არ იყოს ინფექციის კვეთები კლინიკებში და სწორად იყოს გამოყოფილი სივრცეები. ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სასუნთქი აპარატების მზაობას“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.​