მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იაგო ხვიჩია: დუმილს ვინარჩუნებდით და არ ვაკრიტიკებდით კოლეგებს ოპოზიციიდან

გირჩის წევრი

„გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას ბრიფინგს გამოეხმაურა, სადაც ითქვა, რომ ოპოზიცია 24 მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატებზე ვერღარ თანხმდება.

იაგო ხვიჩიას თქმით, საინტერესოა ვინ არიან ის ოპოზიციონერები, ვის გამოც იშლება საერთო შეთანხმება, რაც მმართველ პარტიას აწყობს.

„ჩვენ თავიდანვე უარი ვთქვით გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში მაჟორიტარობის კანდიდატების შეთანხმებაზე, იქიდან გამომდინარე, რომ არ გვინდოდა, ხელი შეგვეშალა ოპოზიციისთვის, რათა საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმებულიყვნენ. გვჯერა, ხელისუფლების დამარცხება შეგვიძლია, თუ ოპოზიცია მიაღწევს შეთანხმებას ყველა მაჟორიტარულ ოლქში და საერთო ბრძოლის ფორმატზე. ვინაიდან ეს პროცესი იშლება, რაც ხელისუფლებას აწყობს, გვაინტერესებს, ვინ არიან ის ადამიანები, რომლის გამოც ვერ ხერხდება საერთო ოპოზიციური შეთანხმება. ვინ თამაშობს „ქართული ოცნების“ თამაშს? მათ შორის ეს იწვევს „გირჩის“ სტრატეგიის გადასინჯვას. ჩვენ გვქონდა ნათქვამი, რომ არ დავაყენებდით არცერთ შეთანხმებულ ოლქში მაჟორიტარებს, მაგრამ მაშინ როდესაც ეს პროცესი ჩაშლილია, გვიწევს ახალ რეალობაზე მორგება და გვიწევს თანამშრომლობა არა პოლიტიკურ პარტიებთან, არამედ პოლიტიკური პარტიების ინდივიდუალურ კანიდატებთან“,- აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

„გირჩი“ მოუწოდებს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ნუ იქნება ოპოზიციური ერთიანობის შემაფერხებელი და დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას.

რას აპირებს „გირჩი“ თუ 24 მაჟორიტარულ ოლქში გაერთიანებული ოპოზიცია საერთო კანდიდატებზე ვერ შეთანხმდება? - ამასთან დაკავშირებით იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ზოგიერთ რაიონში სხვა ოპოზიციურ კანდიდატებს დაუჭერენ მხარს, მხოლოდ იმას, ვისთანაც იდეოლოგიური თანხვედრა ექნებათ, ზოგიერთ რაიონში კი, საკუთარ კანდიდატს დააყენებენ.

აქვე, იაგო ხვიჩია დასძენს, რომ მას ოპოზიციის მიერ დაყენებული ექვსივე კანდიდატი არ მოსწონდა.

„მიუხედავად ჩემი გემოვნებისა, ეს კანდიდატები მაინც წარადგინა გაერთიანებულმა ოპოზიციამ. შეთანხმებულ ადგილებში ვინარჩუნებდით დუმილს და არ ვაკრიტიკებდით კოლეგებს ოპოზიციიდან. ჩვენ მათ მიმართ კრიტიკული შეკითხვებიც არ დაგვისვამს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცმპბოსთვის, გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში, მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა. სულ, 30 მაჟორიტარული ოლქია.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ახალი მოდელით 31 ოქტომბერს ჩატარდება.