მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ბერაია: აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია

საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე

„აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. გვაკავშირებს მტკიცე კეთილმეზობლური ურთიერთობები. გარდა ორმხრივ ფორმატში მჭიდრო თანამშრომლობისა, ასევე, გვაერთიანებს უდიდესი მნიშვნელობის საერთაშორისო ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებში მონაწილეობა“, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართული შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა და გამორჩეული კეთილმეზობლური ურთიერთობები უზრუნველყოფს ამ პროექტების წარმატებით განხორციელებას.

ირაკლი ბერაიამ აღნიშნა, რომ აზერბაიჯანელი პარტნიორები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, როგორც მრავალმხრივ ფორმატებში, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში.

„აზერბაიჯანი იმ რეზოლუციის მხარდამჭერია, რომელსაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ასამბლეა ყოველწლიურად ღებულობს. რასაკვირველია, ჩვენ ასევე გვქონდა საუბარი იმ საკითხებზე, რომელიც ღიაა ჩვენ ურთიერთობებში და თავისთავად, ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას შევეხეთ“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ირაკლი ბერაია, ასევე, გამოეხმაურა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე მომუშავე ერთობლივი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

„აბსოლუტურად ვიზიარებ ორი სტრატეგიული პარტნიორის - საქართველოს და აზერბაიჯანის ოფიციალური წარმომადგნელების დღეს გაკეთებული განცხადებების სულისკვეთებას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ახსენა, რომ კომისია განახლებული შემადგენლობით მუშაობს. როგორც მინისტრმა თქვა, ჩვენი პარტნიორებისთვის გარკვეული დოკუმენტაციის მიწოდება მოხდა, რაც მსგავსი კომისიის მუშაობის პროცესში ჩვეულებრივი პრაქტიკაა და რასაკვირველია, კომისიის ფარგლებში გადაწყდება კონკრეტული საკითხები, რაც არის კომისიის მანდატით გათვალისწინებული. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი თავის განცხადებაში მკაფიოდ აღნიშნა მთავარი გზავნილი, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობებში არ არსებობს გადაუჭრელი და მოუგვარებელი საკითხები“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.​