მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ჩიქოვანი: კავკასიაში მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს

ირაკლი ჩიქოვანი ბრიფინგს მართავს

„ეს არის მორიგი ცრუ ინფორმაცია, რომელსაც კონკრეტული პარტიული მედიასაშუალებები იყენებენ საკუთარი პროპაგანდისთვის. საქართველოს აქვს სტრატეგიული პარტნიორობა აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან, ჩვენი პოზიცია შეუქცევადია, რომ კავკასიაში მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს“, - ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც რუსეთი საქართველოს გავლით, სომხეთში 300 ერთეული სამხედრო მანქანის შეყვანას გეგმავს.

როგორც პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, საქართველოს პოზიცია ქვეყნის ყველა პარტნიორისთვის თვალსაჩინოა.

„სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კონკრეტული მედიასაშუალებები ცდილობენ ინფორმაციის დამახინჯებას და შესაბამისად ისე წარმოჩენას, რა ინტერესიც მათ გააჩნიათ. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს პოზიცია არის ნათელი, განმარტებული და ჩვენი ყველა პარტნიორისათვის თვალსაჩინო“, - განცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ცოტა ხნით ადრე, აზერბაიჯანულმა გამოცემა haqqin.az-მა ასევე გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც საქართველო სომხეთს სერბეთიდან საბრძოლო მასალის ტრანსპორტირებაში დაეხმარა. პრემიერ-მინისტრმა, ისევე როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ სტატიას დეზინფორმაცია უწოდა და ბრალდება კატეგორიულად უარყო.

12 ივლისს აზერბაიჯანმა და სომხეთმა ერთმანეთი „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ ხელშეკრულების დარღვევაში და სასაზღვრო ტერიტორიაზე საარტილერიო ძალის გამოყენებაში დაადანაშაულეს.

საზღვრისპირა რეგიონებში სამხედრო დაპირისპირების ფონზე, ბაქო ერევანს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმით 16 ივლისს დაემუქრა. აღნიშნული განცხადება პასუხი იყო სომხური მხარის განცხადებაზე, რომელიც თავის მხრივ, მინგეჩაურის წყალსაცავზე იერიშის მიტანით დაემუქრა.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან ვიტარება კვლავ სტაბილურად დაძაბული რჩება.