მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა პოლიციას გადავუხადო გულწრფელი მადლობა იმისთვის, რომ მათ დაიცვეს ჩვენი სახელმწიფოს ღირსება

ირაკლი ღარიბაშვილი სესიაზე

რაც შეეხება შეკითხვას, რომელიც უკავშირდება დღეს ჩატარებულ ოპერაციას, დღეს, ჩვენ გავხდით მომსწრენი იმისა, რომ ჩვენ ვართ  სამართლებრივი, ძლიერი სახელმწიფო, გვყავს ძლიერი პოლიცია, გვყავს ძალიან ეფექტური შინაგან საქმეთა მინისტრი, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ნიკა მელიას დაკავებას ეხებოდა.

მან შინაგან საქმეთა მინისტრსა და პოლიციელებს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა, რომ მათ ჩვენი სახელმწიფოს ღირსება დაიცვეს.

„მე მინდა, საჯაროდ, ვახტანგ გომელაურს გადავუხადო მადლობა ჩვენი მთავრობის სახელით და მთელ პოლიციას მინდა გადავუხადო გულწრფელი მადლობა იმისთვის, რომ მათ დაიცვეს ჩვენი სახელმწიფოს ღირსება, ჩვენი სახელმწიფოს სტაბილურობა და კიდევ ერთხელ ყველას შევახსენებთ, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა მოქალაქე, განურჩევლად მისი პოლიტიკური კუთვნილებისა ვალდებულია დაემორჩილოს კანონის აღსრულებას.

„მე გუშინ ვრცლად ვისაუბრე ნიკა მელიასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მინდა გავაკეთო შემდეგი კომენტარი, რომ ნიკა მელია არის კრიმინალი. სხვა საქმეზე მას აქვს მისჯილი და სასამართლომ დაადგინა, რომ იგი არის კრიმინალი. მე შევახსენებ, რომ ბატონი მელია გასამართლებული იყო ბაკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე.

ეს მეორე საქმე, რისთვისაც პოლიციამ დღეს დილით, მაღალ პროფესიონალურ დონეზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავა იგი, ეს უკავშირდება სწორედ ამ შენობის შტურმის ორგანიზებას, რომელიც მან და მისმა თანაორგანიზატორებმა დაგეგმეს და რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფოს ძლიერების გამოცდა გადაწყვიტეს.

კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ ყველას, რომ ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ სახელმწიფოს. ყველა მოქალაქე, განურჩევლად მისი მდგომარეობისა, მისი პოლიტიკური კუთვნილებისა თუ გემოვნებისა, არის ვალდებული და იქნება ყველა ვალდებული, რომ დაემორჩილოს კანონის აღსრულებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

მისი თქმით, ნიკა მელიას დაკავებისას გამოყენებულ მეთოდები არის დემოკრატიული ქვეყნების უმაღლესი სტანდარტის მაჩვენებელი.

„რაც შეეხება პრაქტიკას და გამოყენებულ მეთოდებს, ეს არის აბსოლუტურად ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყნების უმაღლესი სტანდარტი. დღეს ჩვენმა გმირმა პოლიციამ აჩვენა უმაღლესი სტანდარტი, ის, რაც არის ევროპული, თანამედროვე ამერიკული დემოკრატიების სტანდარტების შესაბამისი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სპეცრაზმი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიჭრა და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადმინისტრაციული წესით ასევე დაკავებულია 21 პირი.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 სამართალდამცველებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია დააკავეს.

👉 დღეს ჩვენ გავხდით მომსწრე იმისა, რომ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო