მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვართ, საბოლოოდ ოპოზიციაც აღიარებს არჩევნების შედეგებს

ოცნების აღმასრულებელი მდივანი

„თქვენ ხედავთ, რომ ყველა ჩვენი პარტნიორი აღიარებს არჩევნების შედეგებს. ყოველდღიურად მოდის მოლოცვები სხვადსხვა ქვეყნიდან. ერთადერთი ვინც არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, არის კონკრეტული დამარცხებული პარტიები, თუმცა ამ მიმართულებითაც ჩვენ ოპტიმისტური მოლოდინი გვაქვს და დარწმუნებული ვართ, რომ საბოლოოდ ისინიც აღიარებენ დემოკრატიული არჩევნების შედეგებს“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან პარტიის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან, განაცხადა.

მისი თქმით, სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან სასაუბრო თემა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურისთვის სამზადისი და საარჩევნო სტატისტიკა იყო.

„განვიხილეთ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები. მათ შორის ის, თუ როგორ ემზადება „ქართული ოცნება“ მეორე ტურებისთვის. ასევე განვიხილეთ, თუ რა ზომებია მისაღები იმისთვის, რომ მეორე ტური კანონით დადგენილ ნორმებში ჩატარდეს.

მივაწოდეთ ინფორმაცია არჩევნების სტატისტიკასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება პირველ ტურს. ეს სტატისტიკა არანაირად არ განსხვავდება იმ სტატისტიკისგან, რომელიც გვქონდა ყველა წინა არჩევნებზე. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს ეუთო/ოდირის დასკვნას, რომ არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

👉ინფორმაციისთვის, ეუთო/ოდირის წევრებთან მმართველი გუნდის ლიდერებმა არჩევნების შემდეგ რიგით მეორე შეხვედრა გამართეს. პირველ შეხვედრაზე საუბარი საარჩევნო პროცესებსა და შედეგებს შეეხო.

👉მთელი ოპოზიციური სპექტრი 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ ცნობს და აცხადებს, რომ ის გაყალბებულია.

👉ყველა პარტიამ, რომელმაც 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

👉გაერთიანებულმა ოპოზიციამ 8 ნოემბერს მასშტაბური აქცია გამართა. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გადაინაცვლეს. მათ ცესკოს ეზოში სურდათ შესვლა, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა მათ არ მისცეს.

👉აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა.