მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი კობახიძე: დღეს, საქართველოს პარლამენტში ისტორიული კენჭისყრა შედგა

საპარლამენტო უმრავლესობის თითოეული წევრ მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ჩვენი ხელფასის 1/3-ს გადავრიცხავთ

„დღევანდელი კენჭისყრის საფუძველზე, პირველად უკანასკნელი 25 წლის მანძილზე, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება იმგვარი საარჩევნო სისტემით, რომელზეც მთელი პარტიული სპექტრი თანხმდება. ამით აღსრულდა 8 მარტის შეთანხმება, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერითა და აქტიური ძალისხმევით გაფორმდა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ მიერ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, ეს დღე, პირველ რიგში, არის ჩვენი სახელმწიფოს გამარჯვება და კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე:

„დღეს, საქართველოს პარლამენტში, თამამად შეიძლება ითქვას, ისტორიული კენჭისყრა შედგა. დღევანდელი კენჭისყრის საფუძველზე, პირველად უკანასკნელი 25 წლის მანძილზე, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება იმგვარი საარჩევნო სისტემით, რომელზეც მთელი პარტიული სპექტრი თანხმდება. ამით აღსრულდა 8 მარტის შეთანხმება, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერითა და აქტიური ძალისხმევით გაფორმდა. ეს დღე, პირველ რიგში, არის ჩვენი სახელმწიფოს გამარჯვება და კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე. ეს დღე, ასევე, არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, განსაკუთრებით კი, 8 მარტის შეთანხმების ფასილიტატორი ელჩების გამარჯვება. დღეს კიდევ ერთხელ მადლობა უნდა გადავუხადოთ აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მხოლოდ რამდენიმე კვირის ჩამოსული იყო, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. მადლობას ვუხდით ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს, მადლობას ვუხდით გერმანიის ელჩს, ჰუბერტ კნირშს, რომელიც უკანასკნელი დღეების განმავლობაში რადიკალური ოპოზიციის უპრეცედენტო აგრესიისა და შეურაცხყოფის ობიექტი გახდა, ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს 8 მარტის შეთანხმების გაფორმებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, დღევანდელ დღეს ჰყავს ერთადერთი დამარცხებული - ეს არის რადიკალური, დესტრუქციული, კრიმინალური ოპოზიცია, რომელმაც უხეშად დაარღვია 8 მარტის შეთანხმება, უარი თქვა ელჩების მკაფიო მოწოდებების შესრულებაზე და ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა:

„ეს დღე არის „ქართული ოცნების“ გამარჯვებაც. ეს დღე არის იმ მუდმივი და თანმიმდევრული დემოკრატიული წინსვლის ლოგიკური გაგრძელება, რომელიც საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით შემდგარი 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხით დაიწყო. დღევანდელი დღე არის გამარჯვება ყველასთვის, ვინც საქართველოს დემოკრატიული განვითარებით არის დაინტერესებული. დღევანდელ დღეს ჰყავს ერთადერთი დამარცხებული - ეს არის რადიკალური, დესტრუქციული, კრიმინალური ოპოზიცია, რომელმაც უხეშად დაარღვია 8 მარტის შეთანხმება, უარი თქვა ელჩების მკაფიო მოწოდებების შესრულებაზე და ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა. საზოგადოება უკვე მიჩვეულია იმას, რომ სადაც მარცხდება ნაციონალური მოძრაობა, იმარჯვებს ქართული დემოკრატია. შესაბამისად, მათი ეს მარცხიც ქართული დემოკრატიის განვითარების კანონზომიერების ნაწილია. სიმბოლური და ნიშანდობლივია, რომ საკონსტიტუციო რეფორმის მსგავსად, საქართველოს კონსტიტუციას არც ამჯერად შეეხო იმ პოლიტიკური ძალის ხელი, რომელიც წლების მანძილზე საქართველოს კონსტიტუციის უხეში ხელყოფით იყო გამორჩეული. დასასრულს, „ქართული ოცნების“ სახელით, მადლობას ვუხდით ყველა იმ პარლამენტარს, რომელმაც დღეს მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას ჩვენს მეგობარ ელჩებს, საერთაშორისო პარტნიორებს, ყველას, ვინც საქართველოს დემოკრატიული განვითარებით არის დაინტერესებული. „ქართული ოცნება“ სრულად იღებს პასუხისმგებლობას 31 ოქტომბერს ახალი საარჩევნო სისტემით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე“, - აღნიშნა კობახიძემ.

ცნობისთვის, დღეს, 28 ივნისს, პარლამენტმა ახალ საარჩევნო მოდელზე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. 120/30-ზე მოდელი გულისხმობს, რომ პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი 30 იქნება.