მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩამოიწერება თუ არა კარანტინის დროს გამოწერილი 3 000–ლარიანი ჯარიმები

პარლამენტის წევრი 2020

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში საკოორდინაციო საბჭოს მიერ არჩეული ტაქტიკა წარმატებული აღმოჩნდა და ფაქტი სახეზეა.

მისი თქმით, ამ ტაქტიკის ერთ-ერთი ნაწილი იყო საგანგებო მდგომარეობის დროს წესების დარღვევაზე ფიზიკური პირებისთვის 3 000 ლარიანი ჯარიმის დაწესება, რომელიც შეფასდა ძალიან მკაცრ ზომად.

როგორც დეპუტატი ამბობს, მოქალაქეების 90%, რომელსაც 3 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, გადახდას ვერ შეძლებს.

„დაწესებული იყო ჯარიმების საკმაოდ მაღალი ფასი, რომელიც მკაცრ ზომად შეფასდა. თუმცა, პირველადი მიზანი იყო, რომ ინფექციის ფართო გავრცელება არ მომხდარიყო ჩვენს ქვეყანაში. ამან თავისი ძალიან დადებითი როლი შეასრულა და ფაქტი სახეზეა. მაგრამ, ამავდროულად შეგვიძლია გავაკეთოთ იმის ანალიზი, რომ ის ასეულობით 3 000 ლარიანი ჯარიმა, რომელიც გამოწერილი იქნა ფიზიკურ პირებზე, ამ ადამიანების 90%-სთვის ძალიან რთული გადასახდელია. როგორ ფიქრობთ, ხომ არ არის იმის შესაძლებლობა და ხომ არ ჯობია, ამ ჯარიმების გარკვეული ჩამოწერა მოხდეს. მაგრამ ამას აქვს მეორე მხარეც, არ არის გამორიცხული, შემოდგომაზე იყოს კოვიდ-19-ის მეორე ტალღა. ღმერთმა არ ქნას, მაგრამ შეიძლება კიდევ მოგვიწიოს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, ამ შემთხვევაში როგორ ხედავთ ოქროს შუალედს ამ პრობლემის დასარეგულირებლად?!“, - მიმართა ირაკლი მეზურნიშვილმა პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას პარლამენტში სხდომაზე.

ცნობისთვის, პარლამენტში პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კორონავირუსთან დაკავშირებით ანგარიშით წარსდგა.