„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED)-ის ინფორმაციით, მაღალი იერარქიის სასულიერო პირის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის შემთხვევა დაფიქსირდა.
კერძოდ, როგორც ორგანიზაციის ანგარიშში ვკითხულობთ, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგი ჯამდელიანმა, 26 ივლისს, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ ხელს შეუშლის ეროვნული ინტერესების მოღალატე ადამიანის - „ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის, ზაურ დარგალის პარლამეტში შესვლას.
„მრევლისადმი მიმართვის სახით მან დაამატა, რომ ვინც ზაურ დარგალს გვერდით დაუდგება, მათზე პასუხისმგებლობას იხსნის და ყველა მათგანს მოუწევს პასუხის გაცემა წინაპრების სულებისთვის. მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ეკლესიის მაღალი იერარქია და მისი სიტყვები, მოსახლეობაში, აღიქმება როგორც ეკლესიის პოზიცია", - ნათქვამია ISFED-ის წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში.
ცნობისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე განაწილებით, 31 ოქტომბერს ჩატარდება.