მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა კალაძე: დაკარგულ ტერიტორიებს აუცილებლად დავიბრუნებთ!

თბილისის მერი, 2020

თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, ოკუპაცია ყველაზე დიდი ბოროტებაა, რასაც საქართველო არასდროს შეეგუება.

„12 წელი გავიდა იმ საშინელი დღეებიდან, რომელსაც მოჰყვა უდანაშაულო ადამიანების სიკვდილი, ნგრევა, ტერიტორიების დაკარგვა, ოკუპაცია - ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება, ჩვენ არასდროს შევეგუებით ამას. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, უნდა ვებრძოლოთ ოკუპაციას განათლებით, გონიერებით, ეკონომიკური განვითარებით და წინსვლით. აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენს დაკარგულ ტერიტორიებს“,- განაცხადა კახა კალაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

ცნობისთვის, რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. 2008 წლის 8 აგვისტოს, პირველად ცივი ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ ღია სამხედრო აგრესია განახორციელა, რის შემდეგაც მის მიერვე ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.

ომი 5 დღეს გაგრძელდა. დასავლელ პარტნიორებს საქართველოსთვის პირდაპირი სამხედრო დახმარება არ გაუწევიათ, თუმცა მათი და უპირველესად შეერთებული შტატების ძალისხმევით თბილისის თავზე რუსეთის დროშა აღარ აფრიალებულა.

ომის შედეგად საქართველომ 125 სოფელზე დაკარგა კონტროლი. ცხინვალის რეგიონის სოფლების გარდა, რუსეთმა კოდორის ხეობის - ზემო აფხაზეთის ოკუპაციაც მოახდინა. დაიღუპა 170 ჯარისკაცი, 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 22 ადამიანი დღემდე დაკარგულად მიიჩნევა. ომის პერიოდში 150 000 ადამიანი დევნილად იქცა, მათგან 30 000 საკუთარ სახლებში დღემდე არ დაბრუნებულა. ომს ეკონომიკური ვარდნაც მოჰყვა.