მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა კუჭავა: Atlantico-ს სტატიაში ხაზგასმულია, რომ "ქართული ოცების" პოლიტიკა გონივრულია

კახა კუჭავა

"პროევროპულ მთავრობებს სჭირდებათ გვერდში დგომა - ეს არის ის მთავარი გზავნილი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ამოვიკითხოთ ფრანგული გამოცემა Atlantico-ს ერთ-ერთ სტატიაში, სადაც პირდაპირ არის მითითება და მოწოდება ევროკავშირისადმი, რომ თავიანთი გონივრული სამეზობლო პოლიტიკა და აღებული ვალდებულებები შეასრულონ და გვერდში დაუდგენენ იმ მეზობელ ქვეყნებს, რომლებიც პირნათლად ასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ კახა კუჭავამ ფრანგულ გამოცემა Atlantico-ში საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული სტატიის შეფასებისას, რომელშიც საუბარია ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ მიღწევებზე.

როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ გამოცემის მიერ საქართველო არის წარმატებული ქვეყნის ერთ-ერთ მაგალითად მოყვანილი, რომელმაც ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწია ბოლო წლების განმავლობაში სხვადასხვა ფრონტზე. ეს ეხება როგორც ეკონომიკურ თავისუფლებას, კორუფციასთან ბრძოლას, ინვესტიციებს და ეკონომიკური ზრდის პოტენციალს, მიღწეულ შედეგებს.

მისი თქმით, ორ სხვადასხვა კვლევაში, რომელიც მოყვანილია ანტიკორუფციულ ნაწილში, საუბარია ამ წლების განმავლობაში საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგზე და საქართველო წარმოჩენილია ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორიც არის პოლონეთი, ჩეხეთი და, ამავდროულად, ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანას უსწრებს.

"რა თქმა უნდა, ხაზგასმულია ის მიღწევები, რომელიც ქვეყანას აქვს ასევე ეკონომიკური ზრდის კუთხით. ყველაფერი ეს, საბოლოო ჯამში, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ ამ წლების განმავლობაში განხორციელებული იყო პრაგმატული და საკმაოდ გონივრული პოლიტიკა, რომელმაც მიიყვანა ჩვენი ქვეყანა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებამდე, „ვიზა-ფრი“ რეჟიმამდე, რომელმაც ევროპის ქვეყნებში თავისუფალი გადაადგილების საშუალება მოგვცა და, რაც ყველაზე მთავარია, ეს არის ის ბრწყინვალე გზავნილი ჩემი აზრით, რომელიც შეუმჩნეველი არ დარჩება და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ მოგვცემს საშუალებას ევროპასთან კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობაზე და თანამშრომლობაზე ვისაუბროთ საკმაოდ ახლო მომავალში", - განაცხადა კახა კუჭავამ.