მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა კუჭავა: ევროპარლამენტარებისგან მოვისმინეთ კონკრეტული გზავნილი - საქართველო ნამდვილად იმსახურებს და ძალიან მალე უნდა გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, ეს ქვეყნის წარმატებაა

დეპუტატი კახა კუჭავა

„მნიშვნელოვანი იყო ამ დებატების დროსაც მოგვესმინა და მოვისმინეთ კიდეც ევროპარლამენტარებისგან ის კონკრეტული გზავნილი, რომ საქართველო უკვე ნამდვილად იმსახურებს და ის ძალიან მალე უნდა გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი, რომლითაც გახარებული უნდა იყოს არა მარტო მმართველი პარტია, თითოეული ადამიანი და რა თქმა უნდა ყველა ოპოზიციური პარტია, რადგან ეს არის ქვეყნის წარმატება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი განმარტებით, მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, ქვეყანამ აიღო გარკვეული ვალდებულებები, თუ რას შეასრულებდა. მისივე თქმით, პერიოდული ანგარიში აჩვენებს თუ რამდენად წარმატებულები ვართ ჩვენ, ან რა გვაქვს დამატებით გასაკეთებელი ხელშეკრულების შესრულების კუთხით. როგორც ვიცე სპიკერმა განმარტა, პერიოდული ანგარიში ევროპარლამენტში გაზაფხულზე უნდა გამოსულიყო თუმცა, კოვიდ პანდემიით გამოწვეული პრობლემის გამო ანგარიშის წარდგენა გადაიდო და ახლა, წინასაარჩევნოდ მოუწია.

„საქართველოს მიერ, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ფასდება ძალიან მაღალ დონეზე. ჩამოთვლილია კონკრეტული მიმართულებები, რაშიც საქართველომ თავი ძალიან გამოიჩინა, ხაზგასმულია კონკრეტულად ის, რომ საკონსტიტუციო რეფორმა და საარჩევნო კოდექსის რეფორმა, ის ვალდებულება, რომელიც 8 მარტის შეთანხმების შედეგად იქნა აღებული - მმართველმა პარტიამ პირნათლად შეასრულა. თუმცა, აქვე გამოთქმული იქნა წუხილი, რომ ოპოზიციურმა საპარლამენტო პარტიებმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. ოპოზიცია ითხოვდა და მოითხოვდა, რომ მსგავსი ცვლილებები შესულიყო, მიდიოდა მოლაპარაკებები. ჩვენ საბოლოოდ, მათთან ერთად შევთანხმდით და ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომელზეც, საბოლოოდ, ოპოზიციამ თქვა უარი. კიდევ ერთხელ, მათთვის, ამ პერიოდის შემდეგ, ძალიან კარგად ხდება რეალობა - თუ რა მიზნებს ემსახურებოდა ესა თუ ის ბოიკოტი, თუ პრეტენზიები და რაც ყველაზე მთავარი - არასწორი ინფორმაცია, ტყუილის გავრცელება, არა მხოლოდ საქართველოში არამედ, მთელ ევროპაში. ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და ძალიან მარტივი დასადგენი არის ის რაც ჭეშმარიტებას წარმოადგენს. ეს ვერ დაიმალება. ამიტომ ეს მხარდაჭერა არ არის გასაკვირი“, - განაცხადა ვიცე სპიკერმა.

მისივე შეფასებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი ასევე იყო ის, რომ აპირებენ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ ახალი, მეათე მოწვევის პარლამენტთან, რაც პირველ რიგში, კონკრეტულ შედეგებში უნდა აისახოს, უფრო გაღრმავებული ურთიერთობა, მეტი შედეგები და სრული წევრობა ევროკავშირში.