მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახაბერ კუჭავა საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

კახაბერ კუჭავა გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მარკ კლეიტონს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მარკ კლეიტონთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებული საპარლამენტო ურთიერთობები მიმოიხილეს და თანამშრომლობის სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრეს. კახაბერ კუჭავას განცხადებით, ქართული მხარისთვის საინტერესოა დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო საქმიანობის გაცნობა და გაზიარება, ამ პროცესში, კი, აღსანიშნავია ვესტმისტერის დემოკრატიული ფონდის (WFD) მიერ ორგანიზებული პროგრამებისა და პროექტების როლი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საუბარი, ასევე, შეეხო საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებებს, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციების გათვალისწინების შედეგად და გარდამტეხი მნიშვნელობისაა ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის.

„გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, მარკ კლეიტონმა საქართველოს პარლამენტთან აქტიურ კომუნიკაციასა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობაზე მზაობა გამოთქვა. მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი განაგრძობს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას და მიესალმება იმ ცვლილებებს, რაც განხორციელდა საქართველოს პარლამენტის მიერ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.