მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კალაძე: აგვისტოს ომზე სააკაშვილს პასუხისმგებლობა ეკისრება

დედაქალაქის მერი

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, არავინ საუბრობს იმაზე, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო, თუმცა მომხდარზე პასუხისმგებლობა წინა ხელისუფლებას ეკისრება.

„მიხეილ სააკაშვილს და მის გუნდს უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, რადგან მათ ვერ მოახერხეს ეს დიდი უბედურება აერიდებინათ ქვეყნისთვის“,- აღნიშნა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის, რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. 2008 წლის 8 აგვისტოს, პირველად ცივი ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ ღია სამხედრო აგრესია განახორციელა, რის შემდეგაც მის მიერვე ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.

ომი 5 დღეს გაგრძელდა. დასავლელ პარტნიორებს საქართველოსთვის პირდაპირი სამხედრო დახმარება არ გაუწევიათ, თუმცა მათი და უპირველესად შეერთებული შტატების ძალისხმევით თბილისის თავზე რუსეთის დროშა აღარ აფრიალებულა.

ომის შედეგად საქართველომ 125 სოფელზე დაკარგა კონტროლი. ცხინვალის რეგიონის სოფლების გარდა, რუსეთმა კოდორის ხეობის - ზემო აფხაზეთის ოკუპაციაც მოახდინა. დაიღუპა 170 ჯარისკაცი, 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 22 დღემდე დაკარგულად მიიჩნევა. ომის პერიოდში 150 000 ადამიანი დევნილად იქცა, მათგან 30 000 საკუთარ სახლებში დღემდე არ დაბრუნებულა. ომს ეკონომიკური ვარდნაც მოჰყვა.