მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კალაძე: ოპონენტები ცდილობენ, საზოგადოებას 9 წელი დაავიწყონ

დღეს ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არის უმაღლეს დონეზე

„მინდა, გავიხსენო ის წლები, თუ რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, ჩვენს ოპონენტებს არ სიამოვნებთ და მესმის, რატომაც. ისინი ცდილობენ, ჩვენც და საზოგადოებას, როგორმე დაავიწყონ ის ცხრაწლიანი პერიოდი, რაც ქვეყანაში იყო, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიდრე ისინი პოლიტიკურ ველზე არიან, ამის უფლება არ უნდა მივცეთ“,- ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემორკატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საუბარი უნდა იყოს ქვეყნის მომავალზე, თუ რა უნდა გაკეთდეს მომდევნო 4 წლის განმავლობაში, მაგრამ შედარებისთვის აუცილებელია საუბარი, რა ხდებოდა წინა ხელისუფლების პირობებში.

„კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას, თუ როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ, იმ ოჯახების მიმართ, ვისაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები ჰქონდა, მათი ახლობლებისა და ნათესავების მიმართ. ასევე, რა მდგომარეობა იყო და როგორ უსწორდებოდნენ ბიზნესს, როგორ ათავისუფლებდნენ ხალხს სამსახურიდან, თუ ისინი მათ პოლიტიკურ ხედვებს არ იზიარებდნენ.

საბედნიეროდ, მოვახერხეთ და ყველაფერი ეს წარსულს ჩავაბარეთ. დღეს, ისე, როგორც არასდროს, ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის უფლება უმაღლეს დონეზეა აყვანილი. დღეს, რა თქმა უნდა, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები არ იდევნებიან, არ ათავისუფლებენ სამსახურებიდან. ასევე, მახსოვს, რა ხდებოდა ჯანდაცვის მიმართულებით. ნამდვილად მეამაყება, რომ ვარ იმ გუნდის წევრი, რომელმაც ჯანდაცვის სფეროში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა.

ძალიან კარგად მახსოვს, როგორ იყო მიტოვებული სოფლის მეურნეობის მიმართულება. აქაც, გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა - ძალიან ბევრი, ასი ათასობით ჰექტარი დამუშავებული მიწა, მნიშვნელოვანი პროგრამები, იმისთვის, რომ ხელი შეგვეწყო სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის. ასევე, მიგვეწოდებინა ისეთი პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობდა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში მეტი სამუშაო ადგილი გავაჩინოთ.

არ მაქვს უფლება, არ ვისაუბრო თბილისში განხორციელებულ პროექტებზე და არ ვისაუბრო გლდანზე, რადგან გლდანთან ჩემი ემოციური დამოკიდებულება გამაჩნია. იცით, რომ სამტრედიაში დავიბადე, გავიზარდე და 13 წლის ასაკში თბილისში გადმოვედი. მამიდასთან ვცხოვრობდი, გლდანის მესამე მიკრორაიონში. მეამაყება, რომ დღეს აქ ვხედავ ჩემს თანამებრძოლებს - ადამიანებს, ვისთან ერთადაც ჩემი ახალგაზრდობა გავატარე. გლდანს უკავშირდება ჩემი წარმატება, ასევე, ყველაფერი კარგი, რაც მახსოვს იმ ბნელ 90-იან წლებში, რომელიც შავ ლაქასავით არის ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში.

მე, როგორც ქალაქის მერმა, რით შემიძლია ეს სიკეთე გადავუხადო გლდანს და გლდანელებს?! რა თქმა უნდა, ჩემი შრომით, იმ პროექტებით, რომელსაც გლდანის რაიონში ვახორციელებთ. მეამაყება ყველაფერი ის, რაც ბოლო წლების განმავლობაში გაკეთდა, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ძალიან ბევრი პროექტის განხორციელება გვაქვს დაგეგმილი. მათ შორის, რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგება, პარკების განახლება, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ასევე, ყველა ის პრობლემური ქუჩა, რომელიც დედაქალაქში სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი პროექტი და მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ქვეყანაში გამოწვევები და პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს. ჩვენ ამას არ გავურბივართ. მჯერა, რომ ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, რომელსაც ქვეყნის განვითარების სწორი ხედვა აქვს, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, ღირსეულად უპასუხოს ქვეყანაში არსებულ ყველა გამოწვევას, ეს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოა“.

მჯერა, რომ ჩვენ ხვალ, ამ გადამწყვეტ ბრძოლაში, გადამწყვეტ არჩევნებში გავიმარჯვებთ. ეს არ იქნება მხოლოდ კონკრეტული მაჟორიტარის ან პარტიის გამარჯვება. ეს ჩვენი ქვეყნის გამარჯვება იქნება! ეს იმ წარმატებების, იმ მშვიდობისა და სტაბილურობის გაგრძელება იქნება, რაც „ქართულმა ოცნება“ ამ რვა წლის განმავლობაში მოიტანა. დარწმუნებული ვარ, ხვალ ჩვენ, ყველა ერთად, მთელი საქართველო ვიზეიმებთ ამ გამარჯვებას, რადგან ეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს სჭირდება!“,- აღნიშნა კახა კალაძემ.