მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქანთარია: მეტყველებას უნდა მიაწვეთ, ვისაც პოლიტიკაში გინდათ

ქართული ოცნების წევრი, 2020

"მოგმართავთ, ნაც ანსამბლს, მოწყვეტილი ხართ რეალობას. ისეთ განსაცდელს გადავურჩით, თან არც ვიცით, დაგვყურებს ზემოდან. მსოფლიოში ყველგან რაღაც შეიცვალა, ადამიანები შეიცვალნენ, რაღაცაზე დაფიქრდნენ, ერთმანეთზე, წუთისოფელზე - თქვენ რა გჭირთ? არაფერი არ იცვლება თქვენგან", - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" წევრებს პარლამენტში სხდომაზე.

მისი შეფასებით, დღევანდელი ოპოზიცია რეალობას მოწყვეტილია. მოსაზრებას მხოლოდ აგრესიით გამოხატავს.

"ეს 2 დღე შეიძლება ასე შევაფასოთ - აბდა- უბდა გადასკუპტა, აქეთ ტაში, იქით - ტაში, ასე გვიყვარს ჩვენ თამაში, ეს არის თქვენი მთელი ლეიტმოტივი.

ბატონო რომან გოცირიძე), რა გჭირს გენაცვალე?! - ხან შესანიშნავ შვიდეულს ჰბაძავ, ხან კრისი გინდა იყო, ხან ბრიტი გინდა, დღეს ტარანტინოს სტილში გინდოდა გამოსვლა.

აგერ იყო ბატონი გიგა ბოკერია და მინდა ვუთხრა, ნახევარი ვერ გავიგე გიგა რას ამბობ?! მეტყველებას უნდა მიაწვეთ ზოგიერთი თქვენთაგანი, ვისაც პოლიტიკაში გინდათ დარჩენა. მზერა არის ძალიან გამომსახველი და ჯობია, ხალხმა გაიგოს, რას ამბობ, შეიძლება ვიღაცას ეგონოს, რომ ძალიან მაგარ რაღაცას ამბობ და ჯობია გაიგონ, ნაწილს შემიძლია რაღაც სავარჯიშოები შემოგთავაზოთ", - აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.

დეპუტატის თქმით, ოპოზიციამ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ხელისუფლების წარმატებით "შოკი" მიიღო.

"უცბათ აღმოჩნდით ფსკერზე ეს რამდენიმე თვე. ზოგმა წყალქვეშ ცურვა იცის, ზოგმა არ იცის, თუ რომელიმე კონგრესმენი რამეს შეგაწევთ, ამოყვინთავთ, მერე ისევ ფსკერზე, საბოლოოდ თუ გინდათ, ფსკერის ბინადარი გახდეთ, ეს თქვენი არჩევანია. რეალობას მიაქციეთ ყურადღება. თქვენ გაქრებით ასეთი მიდგომებით", - მიმართა ნუკრი ქანთარიამ ოპოზიციას.

პარლამენტში პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ინტერპელაციის წესით იმყოფება.