მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქართული ოცნებისგან“ ვადამდელი სრულად პროპორციული არჩევნების შემოთავაზება მივიღეთ“ - ჯაფარიძე

ლელოს ლიდერი

„ქართული ოცნებისგან“ მივიღეთ ვადამდელი სრულად პროპორციული არჩევნების შემოთავაზება, მაგრამ ვერ შევთანხმდით თარიღზე“, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა. 

როგორც ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, ვადამდელი არჩევნები თუ ჩატარდება, იგივე სისტემით უნდა ჩატარდეს როგორც 31 ოქტომბერს.

„მთავარი არის, ის რომ ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ ერთი რამ წინადადება, რომელიც მივიღეთ ამ მოლაპარაკების პერიოდში და ეს წინადადება იყო სრულად პროპორციული ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ.

ეს საინტერესოა და მინდა ამას მიაპყროთ ყურადღება. ჩვენ მივიღეთ წინადადება, რომ ვადამდელი არჩევნები იყოს სრულად პროპორციული, მაგრამ ვერ შევთანხმდით როდის უნდა იყოს ეს არჩევნები.

დღეს ვადამდელი თუ ჩატარდა, უნდა ჩატარდეს იგივე სისტემით, როგორითაც ჩატარდა 31 ოქტომბერს. ეს საუბარი იყო წინა მოლაპარაკებების დროს.

თუ ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ ვადამდელი იყოს სრულად პროპორციული, მაშინ თარიღზეც შევთანხმდეთ იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში მუდმივ დესტაბილიზაციას მივიღებთ“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

👉8 დეკემბერს მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მე-4 რაუნდი გაიმართა. ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით გამართული შეხვედრის შემდეგ ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, რომ გარკვეულ საკითხებზე პოზიციების დაახლოება მოხდა, ხოლო რიგ საკითხებზე პოზიციები ფუნდამენტურად განსხვავებულია და აქ შეთანხმების რესურსი არ არის. რაც შეეხება მმართველ გუნდს, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასთან შეხვედრას მნიშვნელოვანი უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ განმეორებით არჩევნებს ან მასთან მიახლოვებულ რაიმე ვერსიას არ განიხილავს.

👉 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. 21 ნოემბერს კი, 17 საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური ჩატარდა. მეორე ტური ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე გაიმართა.

👉 საპარლამენტო არჩევნები განახლებული მოდელით, 120/30-ზე ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროპორციული სიით პარლამენტში 120 დეპუტატი შედის, 30 კი, მაჟორიტარი იქნება.

👉 პარლამენტში შესასვლელად 1%-იანი ბარიერი 8 ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, თუმცა არცერთი მათგანი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ისინი საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

რამაზ საყვარელიძე: პატარა პარტიებისთვის პარლამენტის გარეთ დარჩენა დამღუპველი იქნება