მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხუხაშვილი: ოპოზიციამ თამასა ზედმეტად აწია, ისე საუბრობენ, რომ უნდათ პარლამენტში შესვლა

ექსპერტი გია ხუხაშვილი

როგორც ექსპერტი გია ხუხაშვილი აღნიშნავს, ძნელი სათქმელია მიდის თუ არა პოლიტიკური პროცესი შეთანხმებისკენ, რადგან ინფორმაცია ძალიან ცოტაა. 

„ჩვენ ჯერჯერობით ე.წ. კონსტრუქციულობანას თამაშს ვუყურებთ. ორივე მხარე ურთიერთდაპირისპირებულ წითელ ხაზებს ასახელებს.

ეს ყველაფერი დაბნეულობას იწვევს. ვფიქრობ, ეს ფორმატი საერთოდ სკანდალური და გაუგებარია“ , - აცხადებს გია ხუხაშვილი.

ექსპერტის თქმით, პოლიტიკური ელიტა აბსოლუტურად გაუგებრად იქცევა.

„ამ პროცესში თვითონაც კარგავენ ხალხთან კომუნიკაციას. ჩათვალეს, რომ მათი გადასაწყვეტია ყველაფერი, სინამდვილეში კი ეს ასე არ არის.

ისინი სახის შენარჩუნებით ცდილობენ, რაღაც ნაბიჯები გადადგან და ამასთანავე ისე იქცევიან, რომ ამ სახეს კარგავენ“, - დასძინა გია ხუხაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციამ თამასა ზედმეტად აწია.

„მე მქონდა საგზაო რუკის ჩემეული ვარიანტი და გარკვეული საშუალებებით შევთავაზე მათ. იმ ვარიანტს, რასაც დღეს ოპოზიცია აყენებს აშკარად ჯობდა, რადგან არჩევნების გაყალბება არ გაყალბება არ გახლავთ რწმენის საკითხი.

ეს გახლავთ საბრალდებო დასკვნის თემა და ამის ინიცირება შეიძლებოდა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მეშვეობით.

ისე საუბრობენ, რომ უნდათ თითქოს პარლამენტში შესვლა და ამაზე ბევრად უკეთესი არგუმენტი იყო კომისიის ორგანიზება, ამის პარალელურად ბევრი სხვა რამის გაკეთება და კონსენსუსის პირობა შეიძლებოდა ყოფილიყო ასეთი, რომ თუ კომისიის დასკვნით გამოვლინდა იმ ტიპის დარღვევები, რამაც შეცვალა არჩევნების შედეგები ამ შემთხვევაში ხელისუფლებაც უნდა დათანხმებულიყო რიგგარეშე არჩევნებზე“, - დასძინა ექსპერტმა სატელევიზიო ეთერში საუბრისას.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კელი დეგნანის რეზიდენციაში მმართველ გუნდსა და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დღეს, 7 დეკემბერს შედგა.