მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხუნდაძე: ბავშვებისა და მოზარდებისთვის დახმარებების გაცემა ოჯახების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას შეამსუბუქებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ქართული ოცნების ოფისთან 2019

ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საქართველო ისევე, როგორც მთელი მსოფლიო, პანდემიის გამომ საკმაოდ რთულ პერიოდს გადის.

როგორც ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კონკრეტული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის, სახელმწიფომ განახორციელა ფინანსური დახმარებების პირველი ეტაპი, კომუნალური გადასახადების დაფარვისა და სხვა დახმარებების კუთხით.

„დღეს არის მეორე ეტაპი. იყო მოლოდინი, რომ პოზიტიური ეპიდვითარების გამო, შესაძლებელი იქნებოდა ტურიზმის ამოქმედება, საწარმოების გახსნა, სხვადასხვა ეკონომიკური აქტივობის მაღალ ნიშნულზე ასვლა, მაგრამ მოსალოდნელმა მეორე ტალღამ ეს მოლოდინები შეცვალა. ამიტომ აუცილებელია, თითოეული ოჯახის, განსაკუთრებით, იმ მიზნობრივი ჯგუფების დახმარება, რომელთაც სახელმწიფოს მხრიდან, ამ ეტაპზე და ამ ვითარებაში, აუცილებლად ესაჭიროებათ მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, ასეთი დახმარება იქნება, მით უმეტეს, რომ ახლოვდება ზამთრის სეზონი და ზამთარში კომუნალური გადასახადები უფრო მეტია, ვიდრე ჩვეულებრივ“, - განმარტა ხუნდაძემ.

მისივე თქმით, ზოგადი სიღარიბის ფონზე, როცა ბავშვთა სიღარიბე უფრო თვალშისაცემია, ბავშვებისა და მოზარდებისთვის ამ ტიპის დახმარებების გაცემა მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს კონკრეტული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.

„ორი მიზანია მისაღწევი: დავიცვათ მოსახლეობის ჯანმრთელობა და ხელი შევუწყოთ მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესაძლო გაუარესების თავიდან აცილებას“, - განაცხადა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა პანდემიის დროს, ეკონომიკურად დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას განაგრძობს. პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ახალი სოციალური პაკეტები წარადგინა.

გაეცანით, რა სახის დახმარებას სთავაზობს მთავრობა მოქალაქეებს - სრული ჩამონათვალი.