მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კობახიძე იმედოვნებს, კორონავირუსი საპარლამენტო არჩევნებს ხელს არ შეუშლის

უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ჟურნალსიტებთან, 2020 წ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის შეფასებით, ახალ საარჩევნო მოდელზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიღება წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის.

მან აქვე იმედი გამოთქვა, რომ კორონავირუსი 2020 წლის 31 ოქტომბერს არჩევნების ჩატარებას ხელს არ შეუშლის და დაბრკოლებებს არ შექმნის.

„კორონავირუსის გავრცელების კუთხით, ჩვენ ყველაზე დაბალი მონაცემებით გამოვირჩევით. აქტიური ქეისების რაოდენობა 107-ია, რაც ევროსაბჭოს ქვეყნებში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, ასეთი სიტუაცია ჩვენ საფუძველს გვაძლევს, ვიფიქროთ, რომ არჩევნების ჩატარება შესაძლებელი იქნება. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველა ზომას ვიღებთ იმისთვის, რომ კოვიდ 19-მა ხელი არ შეგვიშალოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში. ჩვენ ამ საკითხის გამო, ასევე, მივიღეთ სპეციალური საკანონმდებლო რეგულაციები, მაგრამ კიდევ უნდა გადავდგათ ნაბიჯები იმისთვის, რომ შევძლოთ გამოწვევებთან გამკლავება. დღევანდელი დისკუსია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მოვისმენთ სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებებს და ვენეციის კომისიის ექსპერტების რეკომენდაციებს, რომელსაც მოუთმენლად ველოდებით“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს. კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებებით, რომელიც პარლამენტმა მიმდინარე კვირაში მიიღო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. 120/30-ზე მოდელი გულისხმობს, რომ პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი 30 იქნება.