მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კობახიძე: საქართველო ერთ-ერთი აუთსაიდერია პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის კუთხით

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, 2020

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებს შორისაც ერთ-ერთი აუთსაიდერია, პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის კუთხით.

„მნიშვნელოვანია, პარლამენტში ვიხილოთ მეტი ქალი. ჩვენთან ძალიან დაბალი მაჩვენებელია. დღეს, 150 კაციან პარლამენტში მხოლოდ 21 ქალია წარმოდგენილი, რაც, ბუნებრივია, არ მეტყველებს კარგად. როდესაც ჩვენი პარტნიორები ეცნობიან ასეთ სტატისტიკას, უარყოფით აღქმას იწვევს. მთელი ამ დროის განმავლობაში თანდათანობით იცვლებოდა ქალთა წარმომადგენლობა პარლამენტში. ყოველ 4 წელიწადში ერთხელ იყო გარკვეული ზრდა, ჯერ იყო 5%, შემდეგ გახდა 10%, 15% და ა.შ. თუმცა, ეს ძალიან მცირე მაჩვენებელია“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მიზნით, წამახალისებელი ზომები იყო საჭირო.

„2020 წლის არჩევნების შემდეგ პარლამენტში მინიმუმ 30 ქალი იქნება წარმოდგენილი, 2024-ში მინიმუმ 37 ქალი, 2028 წელს კი, მინიმუმ 50 ქალი. ჩვენ გვჯერა, რომ უამრავი კომპეტენტური ქალია, რომელიც თავს კარგად გაართმევს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში.

ცნობისთვის, პარლამენტმა დღეს „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი დაამტკიცა, სადაც გენდერული კვოტირებაც არის გათვალისწინებული.

ცვლილებით, 2028 წლამდე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ ისეთი პარტიული სია უნდა წარადგინოს, რომლის ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება.