მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კობახიძე: სპეცოპერაციის მთავარი მიზანი - მძევლების უვნებლად გათავისუფლება, შესრულებულია

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი - კობახიძე ირაკლი

„გამორჩეულია სამხარეო პოლიციის უფროსის, ავთანდილ გალდავას გმირული ქმედება, რომელიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ჩაენაცვლა მძევლებს და უზრუნველყო მათი უვნებლად განთავისუფლება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძემ მადლობა გადაუხადა სამართალდამცავი სტრუქტურების თითოეულ წარმომადგენელს და აღნიშნა, რომ კიდევ ერთხელ გამოჩნდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ხელწერა, რომლისთვისაც მთავარი ღირებულება და პრიორიტეტი ადამიანია.

„გვინდა დავიწყოთ მადლობით, მადლობით გმირი პოლიციელების მიმართ, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად უზრუნველყვეს 43 ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლის დაცვა. გამორჩეულია სამხარეო პოლიციის უფროსის, ავთანდილ გალდავას გმირული ქმედება, რომელიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ჩაენაცვლა მძევლებს და უზრუნველყო მათი უვნებლად განთავისუფლება.

მადლობა სამართალდამცავი სტრუქტურების თითოეულ წარმომადგენელს, რომელიც ჩართული იყო სპეცოპერაციის პირველი ეტაპის წარმატებით დასრულებაში. მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, რომელმაც სპეცოპერაციის დაგეგმვითა და ჩატარებით უზრუნველყო 43-ივე მძევლის ეტაპობრივი განთავისუფლება. გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ხელწერა, რომლისთვისაც მთავარი ღირებულება და პრიორიტეტი ადამიანია.

სპეცოპერაციის მთავარი მიზანი - 43-ივე მძევლის უვნებლად განთავისუფლება შესრულებულია. ახლა მთავარია, სპეცოპერაცია წარმატებით იქნეს ბოლომდე მიყვანილი. დარწმუნებული ვართ, სამართალდამცავი ორგანოების ეფექტიანი მუშაობით, ოპერაცია წარმატებით დასრულდება“, - აღნიშნა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე ოპოზიციური პარტიების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და მათ უპასუხისმგებლო უწოდა.

„ძალიან მოკლედ, კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებისა და მათი მედიასაშუალებების არაჯანსაღ საქციელს, რისი თვითმხილველიც გუშინ მთელი დღის მანძილზე გახდა ქართული საზოგადოება.

ამ ტიპის კრიმინალზე პოლიტიკური ქულების დაწერის იაფფასიანი მცდელობა, შემთხვევის ადგილთან პოზიორობა, დამნაშავესთან უპასუხისმგებლო მოლაპარაკებების პირდაპირ ეთერში წარმოება, სამართალდამცავი ორგანოების დისლოკაციის ადგილების პირდაპირ ეთერში გადაცემა და ასე შემდეგ, პოლიტიკური თუ ჟურნალისტური ეთიკისა და მორალის ყოველგვარ ზღვარს სცდება.

გუშინაც, სხვა მსგავსი შემთხვევების ანალოგიურად, ერთ მხარეს იდგნენ ხელისუფლება, გმირი პოლიციელები და მძევლების უვნებლად გათავისუფლებით დაინტერესებული ჩვენი თანამოქალაქეები, ხოლო მეორე მხარეს იდგნენ ბანკში შეჭრილი დამნაშავე, ექსტრემისტული ზრახვებით შეპყრობილი პოლიტიკოსები და მათი მედიასაშუალებები.

არანაკლებ შემაშფოთებელია ამ ადამიანების დღევანდელი გაწბილებული კომენტარები 43-ივე მძევლის უვნებლად გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ამ ყველაფერს 31 ოქტომბერს საზოგადოების მხრიდან საკადრისი პასუხი გაეცემა“, - დასძინა კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, 21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელმა 20-მდე ადამიანი მძევლად აიყვანა.

რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ სამხარეო პოლიციის უფროსი შენობაში შევიდა და სხვა მძევლებს ჩაენაცვლა. ამავდროულად შესრულდა თავდამსხმელის მოთხოვნა და მას ნახევარი მილიონი დოლარი გადასცეს.

თავდამსხმელმა ტერიტორია მოთხოვნილი მანქანითა და 3 მძევლის თანხლებით დატოვა. ერთ-ერთი მძევალი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა იყო.

22 ოქტომბერს, გამთენიისას, თავდამსხმელმა ბოლო სამი მძევალი გაათავისუფლა და ადგილიდან მიიმალა. თავდამსხმელის კვალი სოფელ კირცხის ტყეში იკარგება. შსს ამ დრომდე აგრძელებს თავდამსხმელის სამძებრო სამუშაოებს.