მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კომპრომისის მიღწევაზე პასუხისმგებლობა ქართველ პოლიტიკოსებს ეკისრებათ და მათ იციან რა უნდა გააკეთონ“ - დანიელსონი

შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი

ევროპული საბჭოს სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის განცხადებით, ახლა გამბედაობისა და კომპრომისის პოვნის დროა, რაზეც პასუხისმგებლობა ქართველ პოლიტიკოსებს ეკისრებათ.

„მე დისტანციურად ევროპის 7 პარლამენტარს შევხვდი, რათა მომავალ ნაბიჯებზე გვესაუბრა და დღეს, ასევე, შევხვდი საქართველოს არასამთავრობო საზოგადოების ბრწყინვალე წარმომადგენლებს. მინდა ვთქვა, რომ მათი გუშინდელი განცხადება ძალიან საინტერესო იყო იმ თემებთან დაკავშირებით, რაც ჩვენ განვიხილეთ. საუბარია კომპრომისზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის.

ასევე, ჩემი ყოფნისას ბრიუსელში ყველა ოფიციალურ პირთან მქონდა შეხვედრა, ვინც ჩართულია საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებში. ეს ინსტიტუციები მოიცავდა როგორც პრეზიდენტ მიშელს, ასევე, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურს, ევროპარლამენტსა და ევროკომისიას. ევროკავშირი ძალიან აქტიურობს იმისათვის, რომ საქართველოს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის პოვნაში დაეხმაროს“, - აღნიშნა დანიელსონმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, პოლიტიკური შეთანხმების მიღწევაზე პასუხისმგებლობა ქართველ ლიდერებს ეკისრებათ და მათ კარგად იციან, რა უნდა გააკეთონ ამისთვის.

„რა თქმა უნდა, ამ პროცესზე პასუხისმგებლობა არა ევროკავშირს, არამედ ადგილობრივ პოლიტიკურ ლიდერებს ეკისრებათ.

ასევე, მგონია, წინა მისია არსებული პოლიტიკური ვითარების კარგი გაცნობა იყო. ყველა იმ პოლიტიკურმა ლიდერმა, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული, ძალიან კარგად იცის მეორე მხარის აზრები. ასევე, კარგად იციან, რისი გაკეთებაა საჭირო, იმისთვის, რომ შეთანხმებამდე მივიდნენ. მაგრამ ეს მათ უნდა გააკეთონ და მათ უნდა მოძებნონ კომპრომისი. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, როცა დახმარებაზეა საუბარი“, - აღნიშნა კრისტიან დანიელსონმა.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კომპრომისი სისუსტის ნიშანი არ არის, კომპრომისი სიძლიერის ნიშანია და ეს ქართულ დემოკრატიას სჭირდება.

„კომპრომისი ევროპული გზაა“, - განაცხადა დიპლომატმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებაში მედიატორის როლის გასაგრძელებლად საქართველოში დაბრუნდა.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ქართველი პოლიტიკოსებისგან თანამშრომლობისა და გამოსავლის პოვნისთვის მზაობას ელოდება.

იგი უკვე შეხვდა აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

პოლიტიკურ პარტიებთან ოფიციალური შეხვედრები მოლაპარაკებაში 29 მარტიდან დაიწყება.