მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კუჭავა: სპეკულაციაა, რომ საქართველოს სანქცია დაუწესდა

 კახა კუჭავა

„სპეკულაცია, რომ დღეს საქართველოს სანქცია დაუწესდა და უკვე გადაწყვეტილება არის მიღებული, არათუ არასწორია, არამედ მოსახლეობისთვის დეზინფორმაციის მიწოდების მცდელობაა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა კუჭავამ განაცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტი მხოლოდ ქვეკომიტეტის დონეზე იყო დაინიცირებული და განხილული.

„ეტაპობრივად მივყვებით ზუსტად იმას, რასაც ვამბობდით და ვამბობთ კიდეც - დაახლოებით, ნოემბერში, ცოტა ადრე ან ცოტა გვიან, შეიძლება, იანვარ-თებერვალში, გადაიწიოს ამ კანონის საბოლოოდ კენჭისყრამ და დამტკიცებამ, ამიტომ, დრო ძალიან დიდია და სპეკულაცია, რომ დღეს რამე სანქცია დაუწესდა და უკვე გადაწყვეტილება მიღებულია, არათუ არასწორია, არამედ არის მოსახლეობისთვის დეზინფორმაციის მიწოდების მცდელობა და სიცრუე. დღეს კიდევ გვესმის, რომ სანქციები დაგვიწესდა - სანქციები არ დაწესებულა“,- განაცხადა კახა კუჭავამ.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ განხილვა კომიტეტის დონეზე შედგა და შემდეგ, კანონპროექტი სენატის კომიტეტმაც უნდა განიხილოს, მათ შორის, უნდა მოხდეს შეთანხმებული ვერსიის წარდგენა, რის შემდეგაც, კენჭისყრა პლენარულ სესიაზე გაიმართება.

მისივე თქმით, ამ პროცესს რამდენიმე თვე დასჭირდება.

„ეს განხილვა იყო ქვეკომიტეტის დონეზე, გუშინ იყო კომიტეტის დონეზე. აუცილებელია, ასევე, სენატის კომიტეტმაც განიხილოს. მათ შორის, უნდა მოხდეს აუცილებლად შეთანხმებული ვერსიის წარდგენა, შემდეგ უკვე პლენარულ სესიაზე მოხდება ამის არა მხოლოდ წარდგენა, არამედ კენჭისყრა, რასაც კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება. ფაქტი, რომ ასეთი ჩანაწერის გაჩენა სურს იმ ოპოზიციურ ძალებს, რომლებიც თავიანთი ლობისტების მეშვეობით ცდილობენ, რომ ასე მოხდეს, არის საზიანო ქვეყნისთვის“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.​

ცნობისთვის, 29 მომხრე, 21 წინააღმდეგი - აშშ-ის საბიუჯეტო კომიტეტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც პირობების შეუსრულებლობისას, საქართველოსთვის ფინანსური დახმარების 15 % „დაკავებას“ ითვალისწინებს.