მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყველა პროცესს ჰყავს თავისი იუდა და ეს ჟანრის მიხედვით საჭიროა - უგულავა პარლამენტში შესვლაზე

ევროპული საქართველოს წევრი

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ოპოზიციის ერთობასა და პარლამენტში შესვლის საკითხზე საუბრობს.

როგორც მან აღნიშნა, „პატრიოტთა ალიანსმა“ ისეთი განცხადება გააკეთა გუშინ (4 დეკემბერს), რომ ხელისუფლებასთან გარიგების შთაბეჭდილება დატოვა.

„მეგობრები აღარ ვართ და მინდა მათ ვთხოვო, რომ ოღონდ პარლამენტში პირველ სხდომაზე ნუ აღმოჩნდებით, მერე თუ გინდათ გვაგინეთ“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

მისი თქმით, ბოიკოტის თემა არ ამოყირავდება.

„დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტში არავინ არ შევა, მაგრამ თუკი თითო კინკილა ვინმე აღმოჩნდება ისეთი, რომ შევა, ყველა პროცესს ჰყავს თავისი იუდა და ეს ჟანრის მიხედვით საჭიროა. თუ მაინც ვინმე ამას დათანხმდება, ვერავის დაარწმუნებს, რომ ფული არ აუღია“, - დასძინა გიგი უგულავამ სატელევიზიო ეთერში.

ცნობისთვის, 4 დეკემბერს ოპოზიციის წევრებმა საქართველოში აშშ-ის ელჩს გადასცეს დოკუმენტი, სადაც მათი მოთხოვნებია და ახლა მმართველი გუნდის პასუხს ელოდებიან.

👉 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. 21 ნოემბერს კი, 17 საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური ჩატარდა. მეორე ტური ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე გაიმართა.

👉 საპარლამენტო არჩევნები განახლებული მოდელით, 120/30-ზე ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროპორციული სიით პარლამენტში 120 დეპუტატი შედის, 30 კი, მაჟორიტარი იქნება.

👉 პარლამენტში შესასვლელად 1%-იანი ბარიერი 8 ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, თუმცა არცერთი მათგანი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ისინი საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ.