მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან ნიკოლეიშვილი: სტრასბურგი ადასტურებს, რომ ჩვენს ქვეყანას საკუთარი ხალხის მკვლელი დამნაშავე რეჟიმი მართავდა

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი

„სტრასბურგმა სამართლებრივად დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ თვითონ მოაწყო ე.წ. ბუნტი ციხეში და ვითომ ბუნტის ჩახშობის მიზნით, ხალხი დახოცეს და წამება დააკანონეს“, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები ადასტურებს, რომ ჩვენს ქვეყანას საკუთარი ხალხის მკვლელი დამნაშავე რეჟიმი მართავდა:

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთი ვერდიქტი გამოიტანა - საქმე ეხება 2006 წლის ე.წ. ციხის ბუნტს, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულშია მხილებული. „ციხის ბუნტის“ დროს მოკლული 7 და დაშავებული 22 პატიმრის საქმეზე, სასამართლომ სიცოცხლის უფლების მრავლობითი დარღვევა დაადგინა. ასევე გამოიკვეთა, რომ 2006 წლის 27 მარტს ჩატარებული სპეცოპერაცია იყო უკონტროლო, გამოყენებული ძალა კი - განურჩეველი და გადაჭარბებული. სტრსბურგმა სამართლებრივად დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ, თვითონ მოაწყო ე.წ. ბუნტი ციხეში და ვითომ ბუნტის ჩახშობის მიზნით, ხალხი დახოცეს და საბოლოოდ ციხეში პატიმრების წამება დაიკანონეს. რომელი ერთი უნდა ჩამოთვალო - გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, რობაქიძის, „რუსთავი 2“-ის საქმე, ამჯერად ციხის ბუნტის საქმე, ევროპულმა სასამართლომ ფაქტობრივად „ნაციონალური მოძრაობა“ ისეთ სისტემურ დანაშაულში ამხილა, როგორციაა: პოლიციური ტერორი, მაღალჩინოსნის მიერ წინასწარ განზრახვით განხორციელებული მკვლელობა, ადამიანის წამება, საკუთრების წართმევა. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები ადასტურებს, რომ ჩვენს ქვეყანას საკუთარი ხალხის მკვლელი დამნაშავე რეჟიმი მართავდა“,- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ 2006 წელს სასჯელაღსრულების მეხუთე დაწესებულებაში არეულობის ჩახშობის საქმეზე სახელმწიფოს მიერ პატიმრების სიცოცხლის უფლება შეილახა - ამის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს ვებგვერდზე 2 აპრილს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, რომელიც მოსამართლეებმა საქმეზე „კუხალაშვილი და სხვები“ ერთხმად მიიღეს.

გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სასამართლომ საქმეზე „კუხალაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპული კონვენციის მეორე მუხლის – ადამიანის სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა. გადაწყვეტილებაშია ნათქვამია, რომ „მეორე მუხლი დარღვეულია, როგორც პროცედურულ, ისე არსებით ასპექტში“.

კერძოდ, ამ მუხლის მიხედვით: “ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. არ შეიძლება სიცოცხლის განზრახ ხელყოფა, თუ არა სიკვდილის სასჯელის აღსრულების შედეგად, რომელიც სასამართლოს განაჩენით შეეფარდა მოცემულ პირს ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს ამ სასჯელს”.

ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს დაევალა მოკლული პატიმრების ოჯახების მიმართ, ჯამში, 80 800 ევროსა და ყველანაირი ხარჯის გადახდა.