მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაია ცქიტიშვილი: ვეცადეთ გვეპოვა ბალანსი ეპიდემიის მართვასა და დასაქმებული ადამიანების ინტერესებს შორის

საქართველოს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი

„რა თქმა უნდა, მთავარი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე, მაგრამ  ეს არ არის სტიქიის შედეგების რეაბილიტაცია, ეს არის პანდემია, რომელშიც ყველა ვმონაწილეობთ“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით შემოღებულ ახალ შეზღუდვებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ბიზნესების წარმომადგენლებთან შეზღუდვების შესახებ საუბარი წინასწარ იყო.

„არჩევნების შემდგომი პერიოდიდან ბიზნესი ამისთვის ემზადება და შავი პარასკევის აქციაც ერთი კვირაა გრძელდება ჩვენს სავაჭრო ქსელებში. ამას გარდა, საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში, დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში ვსაუბრობდით იმაზე, რომ მთავრობა მსჯელობს იმ შესაძლო შეზღუდვებზე, რომელიც უნდა ემსახურებოდეს მობილობის დაგდებას, მათ შორის იმ არააუცილებელ აქტივობას, რომელსაც ვხედავთ ჩვენ მაღაზიებში,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

როგორც მან განმარტა, რადგან დეკემბერი სავაჭრო ქსელებისთვის მნიშვნელოვანი პერიოდია, ერთი კვირის განმავლობაში მათ ვაჭრობის საშუალება მიეცემა.

„იმედი მაქვს, რომ ყველა დიდი სავაჭრო ობიექტის მეპატრონე გაიზიარებს იმ უდიდეს პასუხისმგებლობას, რომელიც მათ აკისრიათ და უზრუნველყოფენ საახალწლო გაყიდვების პროცესს წესების დაცვით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამავდროულად ძალიან მარტივია. რაც შეეხება პარასკევის უჩვეულო ხალხმრავლობას სავაჭრო ობიექტებში, ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს უარყოფით დინამიკას ვირუსის გავრცელების ნაწილში და ეს სამწუხარო რეალობაა, ისევე როგორც რეგულაციების დაცვის გარეშე პოლიტიკურ აქციებს ჰქონდა უარყოფითი შედეგი, ან თუნდაც სუფრებსა თუ სხვა მასობრივ ღონისძიებებს,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

👉 ინფორმაციისთვის, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

👉 ქვეყნის 8 ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერდება, თუმცა, მსუბუქი ავტომობილითა და ტაქსით საქალაქთაშორისო გადაადგილება დაშვებული იქნება.