მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაკა ბოჭორიშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს მართავს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი სამუშაო ვიზიტით, ბრიუსელს ეწვია.

მაკა ბოჭორიშვილმა, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა ევროპარლამენტის საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარესთან მარინა კალიურანდთან, ევრონესტის დელეგაციის ხელმძღვანელთან ანდრიუს კუბილიუსთან, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან ზელიანა ზოვკოსთან, საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელთან სვენ მიკსერთან და ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან.

შეხვედრების ფარგლებში ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა საქართველოს ევროპული მომავლისა და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერა გამოხატეს. მაკა ბოჭორიშვილმა ევროპარლამენტარებს გააცნო საქართველოს ხელისუფლების გეგმა 2024 წელს ევროკავშირის წევრობის თაობაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით.

შეხვედრისას, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ევროპარლამენტის წევრების მხარდაჭერის მობილიზების კუთხით, კონკრეტული ნაბიჯები განიხილეს. თავის მხრივ, ევროპარლამენტარებმა მზადყოფნა გამოთქვეს ხელი შეუწყონ საქართველოსთან, როგორც ევროკავშირის ასოცირებულ პარტნიორთან ურთიერთობების გაღრმავებას და ამ პროცესში თანამშრომლობის ახალი მიმართულებების განვითარებას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა განათლების, მეცნიერების და ინოვაციების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საჭიროებაზე და ქართველი ახალგაზრდებისთვის მეტი შესაძლებლობების მინიჭების აუცილებლობაზე. ამ მიმართულებით კონკრეტული ხედვები იქნა წარდგენილი და ევროპარლამენტარებს ეთხოვათ დახმარება, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობაში.

შეხვედრებისას, განხილვები შეეხო საქართველოში და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს, ევროკავშირის როლს მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში. ხაზგასმით აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს საკითხი მუდმივად იდგას დღის წესრიგში, მაშინ როდესაც საუბარი ევროპის უსაფრხოებას შეეხება. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ევროპარლამენტარები ყურადღებით ადევნებენ თვალს საქართველოში არჩევნების შემდეგ მიმდინარე შიდა პროცესებს და ცალსახად მიუღებლად მიიჩნევენ საკანონმდებლო ორგანოს ბოიკოტსა და ამომრჩევლის ნების წინააღმდეგ მოქმედებას.