მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ, დღეს კვლავ ვიბრძვით რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის წინააღმდეგ

მაკა ბოჭორიშვილი პარლამენტში

„საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 100 წლის თავზე, რამაც საქართველოს დემოკრატიული განვითარება რამდენიმე ათწლეულით შეაფერხა, დღეს კვლავ ვიბრძვით რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის წინააღმდეგ“, - ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წარმომადგენელმა, მაკა ბოჭორიშვილმა, ზამთრის სესიის ფარგლებში, ონლაინ ფორმატში გამართულ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, სამი კომიტეტის გაერთიანებული შეხვედრის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე მშვიდობისა და უსაფრთხოების კუთხით და რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მან მადლობა გადაუხადა ეუთო-ს ამჟამინდელ თავმჯდომარეს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, საქართველოში განხორციელებული ვიზიტისთვის.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას, ისაუბრა რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულვებელყოფასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე.

განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის - ზაზა გახელაძის უკანონო დაპატიმრებასა და 12 წლით თავისუფლების აღკვეთის გადაწყვეტილებაზე.

ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობას, რათა უზრუნველყოფილ იქნას გახელაძის და უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, პასუხისმგებლობა აღნიშნულ ქმედებებზე რუსეთს ეკისრება, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, რაც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებითაც დასტურდება.

მისივე განცხადებით, აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია, რათა რუსეთის ფედერაციამ შეწყვიტოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო ქმედებები, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.