მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მამუკა მდინარაძე: ჩვენ აღმოვჩნდით იმ ქვეყნების რიგში, ვინც პანდემიას კარგად მომზადებული დახვდა

უმრავლესობის ლიდერი ქართული ოცნების ოფისში 2019

„ყველა შესაბამისი უწყება დღეს და ღამეს ასწორებს და ყველას ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ. მოდით, ნუ მოვერიდებით თქმას, პირველ ეტაპზე კონკრეტული შედეგი დაიდო და უნდა ვთქვათ და ვაღიაროთ, რომ ჩვენ აღმოვჩნდით მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების რიგში, რომელიც მომზადებული და კარგად დახვდა ამ პანდემიას. მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნების დიდი უმრავლესობა არანაირ ღონისძიებებს არ ატარებდნენ, ეკა ტიკარაძის ინიციატივით, ჩვენთან გარკვეული სამუშაოები უკვე დაწყებული იყო. შემდეგ პრემიერის ხელმძღვანელობით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა, რაც პირდაპირპროპორციულია ამ შედეგისა“,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს, რაც შედეგებში კარგად ჩანს, თუმცა, მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია მოქალაქეების სოციალური პასუხისმგებლობა.

„დღეს შედეგი ასევე დამოკიდებულია მოქალაქეებზე. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველა მოქალაქეს, სახელმწიფო რაც არ უნდა სწორად ამენეჯმენტებდეს ამ პროცესს, პრევენციას, თუ მოქალაქეებმაც ხელი არ შეუწყვეს, შედეგი ისეთი არ იქნება, როგორიც ჩვენ გვინდა. იდეალურად რომ ასრულებდეს ყველა რეკომენდაციებს, ჩვენ ერთ თვეში დამთავრებული გვექნება ამ პრობლემასთან ბრძოლა, მაგრამ ეს სამწუხაროდ ასე არ ხდება. ამიტომ ყველას ვთხოვ, ზედმიწევნით შევასრულოთ რეკომენდაციები, რაც დაეხმარება სახელმწიფოს, რომ მოქალაქეების ჯანმრთელობას და განსაკუთრებით, ჩვენი ხანდსაზმული ადამიანების სიცოცხლეს გაუფრთხილდეს. რაც არის ჩვენი პირველი ამოცანა“,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ვიცე-სპიკერის განცხადებით ხელისუფლება ასევე მუშაობს ეკონომიკური გამოწვევების მიმართულებით.

„ასევე არის სხვა ამოცანები, რომ უზრუნველვყოთ ის, რომ ნაკლებად დაზიანდეს ეკონომიკა, გვაქვს შესაბამისი გეგმები და პაკეტები, ამაზე მიდის ასევე მუშაობა და ამ ორ გამოწვევას ჩვენ უნდა შევხვდეთ ადეკვატურად. ერთის მხრივ, რაც შეიძლება ნაკლებად დაზიანდეს ჩვენი ეკონომიკა და მეორეს მხრივ, შევაკავოთ ვირუსის გავრცელება“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.