მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მამუკა მდინარაძე: „ქართულ ოცნებას“ სინამდვილეში 60%-მდე რეიტინგი აქვს

უმრავლესობის ლიდერი ჟურნალისტებთან 2019

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე ბრიტანული კომპანია Survation-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს ეხმაურება.

მდინარაძის თქმით, კვლევის შედეგი, რომ არჩევნების დღეს ჩატარების შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას" მოსახლეობის 52% მისცემდა ხმას, ყველაზე მიახლოებულია რეალობასთან, თუმცა „ქართულ ოცნებას“ სინამდვილეში 60%-მდე რეიტინგი აქვს.

„უნდა ვაღიარო, რომ ყველაზე მიახლოებული შედეგებია, მაგრამ ეს არ არის ზუსტი და სწორი მონაცემები. ბოლომდე ამ მონაცემებს ვერ ვიზიარებთ, გამომდინარე ერთი მარტივი მიზეზიდან, რომ რეალურად ეს მონაცემები ყველა ობიექტური მონაცემისგან ცოტათი განსხვავებით, „ქართული ოცნებისთვის“ ყველაზე პესიმისტურ სცენარში თუ ჩაჯდებოდა და ყველა ოპოზიციური პარტიისთვის ყველაზე ოპტიმისტურ სცენარში“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

მისივე მოსაზრებით, შესაძლებელია, კომპანიამ გარკვეული სიფრთხილე გამოიჩინა, თავი დაიზღვია და ოდნავ გადაიხარა ოპოზიციური პარტიებისკენ, მათ შორის, ალოკაციის მეთოდთან დაკავშირებით და ამიტომ, მიიღო ეს შედეგი.

„სინამდვილეში 60%-მდე რეიტინგი გვაქვს, ეს არის რეალობა, თუმცა ამ სიფრთხილესაც შეიძლება გაგებით მოვეკიდოთ. „ქართული ოცნებისთვის“ ეს არის მინიმუმზე მინიმუმი , რაც კი შეიძლება თეორიულად შეიძლება დღეს იყოს ცდომილების ფარგლებში“ , - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, რეიტინგი გაზრდილია იმიტომ, რომ ხალხმა დაინახა რეალობა, რა გააკეთა სახელმწიფომ მათთვის, თუნდაც ბოლო თვეების განმავლობაში.

„დღეს ოპოზიციის რეიტინგები არის გაცილებით დაბალი, ვიდრე 2016 წელს იყო და 2016 წელს არჩევნებამდე, ზუსტად ამ პერიოდში, ორთვენახევრით ადრე უფრო დაბალი რეიტინგი გვქონდა. ოპოზიციის დიდი ნაწილი დადგა კოვიდ ვირუსის მხარეს და ეს სიშიშვლე დაინახა ხალხმა, ამომრჩეველმა ამოიცნო მათი სახე, კიდევ უფრო კარგად დაინახა, რა გააკეთა მათთვის სახელმწიფომ და თურმე როგორ ჰქონია სისტემები დალაგებული ქვეყანას. ეს გამოჩნდა ძალიან კარგად, თორემ კოვიდის გამო მხოლოდ ეკონომიკური ზიანი მიიღეს მოქალაქეებმა და როგორ შეიძლებოდა, რომ განწყობა გაუმჯობესებოდათ?! კოვიდმა ის გააკეთა, რომ დაანახა თეთრი და შავი ქართველ ხალხს“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


ცნობისთვის, "რუსთავი 2-ის" დაკვეთით კომპანია Survation-მა საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა.


კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 1200 საარჩევნო ასაკის მქონე პირი.


საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ჩამოთვლილთაგან რომელ პარტიას მისცემდით ხმას? ხმები ასე გადანაწილდა:


"ქართული ოცნება" 52%

"ენმ" 19%

"ევროპული საქართველო" 8%

"პატრიოტთა ალიანსი" 5%

"ლელო" 5%

"ახალი საქართველო" 4%

სხვა 7 %