მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მამუკა მდინარაძე: ქართველი ოკუპაციას არასდროს შეეგუება

მამუკა მდინარაძე - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.

„ქართველი ოკუპაციას არასდროს შეეგუება და ნებისმიერ ბრძოლაში შევა, რომ ეროვნული თავმოყვარეობა მას არ შეელახოს, მაგრამ პრაგმატულად, რაციონალურად, შედეგთან დაკავშირებით, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ბრძოლა უნდა მოვიგოთ მშვიდობით. ეს ომი ჩვენ მშვიდობით უნდა მოვიგოთ და ეს ფრაზა არაერთხელ შემთხვევით არ გვითქვამს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტოო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, სამშვიდობო გზა მთავარი ბერკეტია, რათა დეოკუპაცია მოახდინოს.

„როდესაც დეოკუპაციის სამშვიდობო პოლიტიკაზე ერთ ხმაში ჩვენ, ქართველები და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები დასავლელი მეგობრები ვსაუბრობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა. ამ სწორ გზაზე რაციონალურად, განვითარებით და მშვიდობით სიარული მოგვიტანს შედეგს. ეს დღეს იქნება, თუ ხვალ, ზოგადად, გრძელვადიან თუ მოკლევადიან პერსპექტივაში, ამ გზით ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები. ჩვენ აფხაზ და ოს ძმებს და დებს უნდა ვუთხრათ, რომ განვითარება და მშვიდობა არის ერთადერთი გზა, ერთადერთი წყარო მათთან ურთიერთობისა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი, თქვენი და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების შვილები და შვილიშვილები იცხოვრებენ გაერთიანებულ, ერთიან საქართველოში, სადაც დეოკუპაციის პრობლემა აღარ იქნება და ეს ერთიანი საქართველო იქნება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი და სრულყოფილი ნაწილი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.