მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მდინარაძე: რურუა უკეთესად ხვდება, რა ჩიხში შედიან მისი თანამებრძოლები

უმრავლესობის ლიდერი ქართული ოცნების ოფისში 2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მამუკა მდინარაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ, ოპოზიცია ახალ საარჩევნო მოდელზე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტს მესამე მოსმენით მხარს არ დაუჭერს, მათ პოლიტიკური საფასურის გადახდა მოუწევთ.

„არ გამოვრიცხავ, ისინი შეუერთდნენ მათი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერის, რურუას მოწოდებას, რომელმაც თქვა, რომ უნდა შემოვიდნენ და ხმა მისცენ კონსტიტუციური ცვლილებების პროექტს. მე მგონი რურუა უკეთესად ხვდება, რა ჩიხში შედიან მისი თანაპარტიელები და თანამებრძოლები, ვიდრე თავად ის ადამიანები, რომლებიც უფრო ადეკვატურები უნდა იყვნენ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძე.

„ნაციონალური მოძრაობა“ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.   

„ქვეყანაში უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა, არასდროს ქვეყანაში არ უნდა გაჩნდნენ პოლიტიკური პატიმრები. ამ პრინციპის ირგვლივ არის აგებული ჩვენი ყველა ქმედება და ნაბიჯი, ამიტომ ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას კენჭისყრაში, სანამ არ იქნება შეთანხმება შესრულებული მთლიანად“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ. 

პარლამენტმა ახალ საარჩევნო მოდელზე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი მეორე მოსმენით მიიღო. პროექტს მესამე მოსმენით კენჭს მომდევნო კვირაში უყრიან.

ცვლილებების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. 120/30-ზე მოდელი გულისხმობს, რომ პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი 30 იქნება.