მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მედიცინა არაზუსტი მეცნიერებაა“, „ვახტანგ ყიფიანი უკანონო პატიმარია“ - ჯანდაცვის კომიტეტზე დაკავებული ექიმის საკითხი განიხილეს 

საკანონმდებლო ორგანო

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი ვახტანგ ყიფიანი უკანონო პატიმარია.

ვახტანგ ყიფიანის საკითხზე პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტზე ისაუბრეს.

„ერთადერთი ექიმია, რომელიც სისხლის სამართლის საქმის შესაბამისად პატიმრობაში იმყოფება. პირადად მე ვთვლი, რომ უკანონო პატიმრობაშია“,- აღნიშნა ლევან კობერიძემ.

მისი თქმით, ბევრ ქვეყანაში საექიმო შეცდომა დეკრიმინალიზებული თემაა, შესაბამისად კანონმდებლობის თვალსაზრისით საქართველოს ბევრი აქვს სამუშაო.

„ვახტანგ ყიფიანის საკითხი სამინისტროში არცერთ პროფესიულ საბჭოს არ განუხილავს, რეგულირების სააგენტომ პირდაპირ დაწერა დასკვნა პროფესიონალების მოსმენის და საბჭოს დასკვნის გარეშე.

ჯანდაცვის მინისტრმა აღიარა, რომ აქ საკანონმდებლო პრობლემებიც შეინიშნება და საჭიროა ხარვეზების გამოსწორება.

ამ ადამიანს პირობითიც არ მიუსაჯეს, უშუალოდ პატიმრობაშია. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს სადამსჯელო ღონისძიებაა.

აქ ყველა თაობის ექიმები ვსხედვართ და ვიცით, ამ ოჯახის წვლილი ჯანდაცვაში, თავად ვახტანგ ყიფიანის პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერებაც“, - აღნიშნა ლევან კობერიძემ კომიტეტის სხდომაზე.

მოსაზრება გამოთქვა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ და განაცხადა, რომ ზოგადად ექიმის დაკავება ცუდი ფაქტია.

„მედიცინა არაზუსტი მეცნიერებაა, სამედიცინო შეცდომები იშვიათად, მაგრამ დასაშვებია. თუმცა, ცუდია, როდესაც საქმე აქამდე მიდის. სამართლებრივ საკითხებში ჩვენ ვერ შევალთ, ამისთვის უფრო მეტი ინფორმაციაა საჭირო.

პირადად მე და კომიტეტის ძალიან ბევრ წევრს გვქონდა კომუნიკაცია ოჯახთან, მათ შორის ვახტანგ ყიფიანთან ვისაუბრეთ. ჩვენი პროფესიული სოლიდარობა უწყვეტი იქნება. იმედია, სამართალდამცავი უწყებები სწორ სამართლებრივ შეფასებებს გააკეთებენ და სიმართლე იქნება იქ, სადაც უნდა იყოს“, - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

ინფორმაციისთვის, თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი და ექიმი მიმდინარე წლის 4 აგვისტოს დააკავეს. ხოლო მეორე ექიმი, იმის გამო, რომ ქვეყანაში არ იმყოფება, ბრალდებულად დაუსწრებლად სცნეს.

გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის მუხლებით მიმდინარეობს. კერძოდ, პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საავადმყოფოში ოპერაცია ლიცენზიის გარეშე ჩატარდა, რის გამოც 25 წლის ქალი 20 თვეზე მეტია კომაში იმყოფება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საავადმყოფოს დირექტორი 100 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ვახტანგ ყიფიანს კი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.