მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მხარეები შუბლით ეტაკებიან ერთმანეთს, გამოსავალი არ ჩანს“ - გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან საუბარში ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ სიტუაცია ბუნდოვანია. 

ხუხაშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე რაიმე პროგნოზის გაკეთება რთულია, რადგან მისივე თქმით, „გამიშვი გამატარე“ სიტუაციაა.

„ჯერჯერობით ძალიან ბუნდოვანი სიტუაციაა და შესაბამისად რთულია პროგნოზის გაკეთება. სასურველია, რომ რადგან კრიზისის გადალახვა არის შეუძლებელი, კრიზისი განვითარდეს საპარლამენტო კედლებში და არა იმ სახით რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ.

როდესაც „გამიშვი გამატარეა“ და მხარეები შუბლით ეტაკებიან ერთმანეთს, გამოსავალი არ ჩანს, ამ დროს ქვეყანა დგას ძალიან, ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე და ამ პრობლემებით არავინ არის დაკავებული, მათ შორის არც ხელისუფლება. ძირითადად იწილო-ბიწილოში არიან ჩართულები.

სასურველია, რომ რიგგარეშე არჩევნები რაც არის წყალგამყოფი მხარეებს შორის, ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული დათქმა გაკეთდეს. ის კი არა უპირობოდ დაინიშნოს არჩევნები ან უპირობოდ არ დაინიშნოს, არამედ დათქმით გარკვეულ მოცემულობაში შესაძლებლობა იქნას დაშვებული რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის. ვფიქრობ, აქ კომპრომისი შეიძლება მოძებნილი იყოს, თუმცა ხელისუფლებამ შეიძლება ჩათვალოს, რომ მას პრობლემა არ აქვს და ამ ნაბიჯის გადადგმა მას არაფერში სჭირდება.

მას შემდეგ, რაც ბრიუსელმა მეტნაკლებად ლოიალურად შეხედა ხელისუფლების მოქმედებებს, მაგრამ ჩემი აზრით ეს არ იქნება შორსმხედველური გადაწყვეტილება. ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ მათ დღეს საკმაოდ სუსტი ლეგიტიმაცია აქვს. რატომ? იმიტომ რომ მათმა ამომრჩეველმა სამ ადამიანს მისცა ხმა. ეს არის ბიძინა ივანიშვილი, გიორგი გახარია და კახა კალაძე“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლების ლეგიტიმურობა საკმაოდ დასუსტებულია.

„ირაკლი კობახიძისთვის და ირაკლი ღარიბაშვილისთვის ხმა არავის მიუცია. გამომდინარე იქიდან, რომ ამ სამიდან ორი თამაშგარეა და მესამე ყოველ შემთხვევაში ასეთი განცდა რჩება, რომ გარკვეულწილად დისტანცირებულია, შესაბამისად, ხელისუფლება ლეგიტიმურობა საკმაოდ დასუსტებულია.

აქედან გამომდინარე მე მათ ადგილას მაინცდამაინც მშვიდად არ ვიქნებოდი. არის სიტუაციები, როდესაც „ჩათრევას ჩაყოლა ჯობია“ იმისათვის, რომ თამაშში დარჩე, თუმცა დავაკვირდეთ მოვლენებს, ეს მათი გადასაწყვეტია“, - დასძინა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, კრისტიან დანიელსონი თბილისში 12 მარტს ჩამოფრინდა. მედიატორი იმავე დღეს შეხვდა მმართველი გუნდისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს.

მისი ვიზიტი დაგეგმილზე მეტად გახანგრძლივდა, შვედი დიპლომატი აგრძელებს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრას.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 გიგა ბოკერია: ამ არალეგიტიმურ პარლამენტშიც მზად ვართ, რომ შევიდეთ მხოლოდ იმისთვის, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს

🔴 თქვენ ზიხართ რუსულ სცენარში, ეს გვითხრა დენიელსონმა და მიშელმა ოპოიციას - მეგრელიშვილი

🔴 არჩილ თალაკვაძე: მართლმსაჯულებამ ნიკა მელიას შეახსენა, რომ სახელმწიფოც არსებობს და კანონიც

🔴 ჟოზეფ ბორელი: ჩემი გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის, როდის ჩატარდება არჩევნები