მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნათია მეზვრიშვილი - პრემიერმა ისაუბრა ყველა იმ გამოწვევაზე, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უმაღლესი ტრიბუნიდან პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მსოფლიო ლიდერებს მკაფიო და პრინციპული გზავნილებით მიმართა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე პრემიერ-მინისტრის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერმა ისაუბრა ყველა იმ გამოწვევაზე, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას.

„პირველ რიგში, ეს არის რუსული ოკუპაცია, ჰუმანიტარული კრიზისი, რომელშიც ოკუპაციით დაზარალებულ ჩვენს მოქალაქეებს ყოველდღიური ცხოვრება უწევთ. პრემიერმა მადლობა გადაუხადა გაეროს წევრ ქვეყნებს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვიღებთ ჩვენი მეგობარი ქვეყნებისგან და აღნიშნა, რომ დღეს, როდესაც უკანონო ბორდერიზაცია გრძელდება, კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს მათი მხარდაჭერის განმტკიცება, რათა მსოფლიომ ერთობლივი ძალებით აიძულოს რუსეთი, შეასრულოს საერთაშორისო ნორმები და ნაკისრი ვალდებულებები. ამ კონტექსტში განსაკუთრებულად აღინიშნა, რომ წელს საქართველოს მხარდამჭერმა რეზოლუციამ გაეროს წევრი ქვეყნების უპრეცედენტოდ დიდი მხარდაჭერა მოიპოვა, რაც უდავოდ ჩვენი საგარეო პოლიტიკისა და დიპლომატიის ეფექტიანი მუშაობის შედეგია”, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, გლობალურ გამოწვევებზე საუბრისას, მსოფლიო ლიდერების ყურადღების ცენტრში კოვიდ 19 -ის პანდემიასთან ბრძოლა მოექცა და გიორგი გახარიამ გაეროს წევრ ქვეყნებს ვირუსთან ბრძოლის კუთხით საქართველოს წარმატებული მაგალითი გაუზიარა.

„პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ეს წარმატება ხელისუფლების, ჩვენი ექიმებისა და ეპიდემიოლოგების თავდაუზოგავი შრომის და რაც მთავარია, ჩვენი მოქალაქეების მაღალი პასუხისმგებლობის შედეგია. პრემიერმა კიდევ ერთხელ შეახსენა საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია, და ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე გადის”, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.