მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოლიტსაბჭოს სხდომა გამართა - რა გადაწყვეტილება მიიღეს პარტიის წევრებმა

ნაციონალური მოძრაობის წევრი, 2020

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოლიტსაბჭოს სხდომა გამართა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის წევრმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საბჭოს წევრებმა ძირითადად შტაბში ფუნქციების განაწილებაზე, ასევე მაჟორიტარობის კანდიდატების საკითხზე ისმჯელეს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

არსებული ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილს განიხილავს, თუმცა სხდომაზე არც ამაზე მიუღიათ საბოლოო გადაწყვეტილება.

„როდესაც გაერთიანებული ოპოზიცია გავა არჩევნებზე, ჩვენ არა მარტო მოქალაქეს უნდა ავუხსნათ, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, არამედ უნდა ვუთხრათ, როგორ გამოიყურება ჩრდილოვანი კაბინეტი, იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტმა მომხრემ დაინახოს, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის მოკავშირეებთან ერთად გაითვალისწინა ყველაფერი ის, რაც მოხდა წარსულში და გაითვალისწინა ის, რამ მოგვიტანა ხმების ასეთი არნახული ზრდა 2018 წელს. გადაწყვეტილებები ფაქტობრივად არ მიგვიღია, ვიმსჯელეთ შემდეგ საკითხებზე: პირველი, შტაბი და შტაბში ფუნქციების განაწილება, მეორე, სტრატეგია. რაც შეეხება მაჟორიტარებს, რომელი კანდიდატი შეიძლება სჯობდეს კონკრეტულ რეგიონში, ამაზე ჯერ არ შევჯერებულვართ, მაგრამ გადაწყვეტილებასთან ახლოს ვართ“,- აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რეგიონებში საკუთარი მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინოს. მათ გაერთიანებულ ოპოზიციასთან, მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით შეთანხმებას მხოლოდ თბილისის 6 ოლქში მიაღწიეს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.