მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

NDI: გამოკითხულთა 88% ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ლოგო

ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC–საქართველოს მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის უმეტესობა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს (88 %), თუმცა ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი თუ ვის მისცემს ხმას (59 %).

როგორც „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხები ძირითადად ეკონომიკას ეხება და ისინი კანდიდატებისგან პრობლემების გადაჭრის გზებზე საუბარს მოელიან.

„სასურველი კანდიდატის შერჩევისას მოსახლეობა, პირველ რიგში, პარტიის ეკონომიკურ პოლიტიკას (36 პროცენტი), ჯანდაცვის პოლიტიკას (12 %) და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ პოლიტიკას (12 %) მიიღებს მხედველობაში.

მოქალაქეების მხრიდან ეკონომიკაზე აქცენტი თანხვედრაშია მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ჩამონათვალთან, რომლის სათავეშიც უკვე წლებია დასაქმება (49 %), სიღარიბე (39 %) და ფასების ზრდა/ინფლაცია (20 %) ექცევა.

მოსახლეობის ეკონომიკური პრიორიტეტები გეოგრაფიული დასახლებების მიხედვით განსხვავდება. თბილისში და სხვა ურბანულ დასახლებებში (58 % და 46 %) მოქალაქეები პრიორიტეტს ტურიზმის განვითარებას ანიჭებენ, სოფლის ტიპის მოსახლეობა კი - მიწათმოქმედებას (75 პროცენტი) და მესაქონლეობას (59 %). ზრდასრული მოსახლეობის მეოთხედი აცხადებს, რომ უმუშევარია, რაც ივნისის კვლევასთან შედარებით
შვიდი პროცენტით გაზრდილი მაჩვენებელია. ეს, სავარაუდოდ, კორონავირუსის ეკონომიკური გავლენის შედეგია“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ადგილობრივ დონეზე მოსახლეობა ყველაზე მეტად გზების მდგომარეობაზე (31%), წყალმომარაგებაზე (22 პროცენტი), გარემოს დაბინძურებასა (13 პროცენტი) და საცობებზე (13 %) წუხს. თბილისში მთავარ პრობლემებად საცობებს და გარემოს დაბინძურებას, სხვა ქალაქებში და სოფლებში კი წყლისმომარაგებასა და გზებს ასახელებენ.

“გადაუწყვეტელი მოქალაქეების ასეთი სიმრავლე პარტიებისთვის ერთდროულად გამოწვევას და შესაძლებლობას წარმოადგენს. კანდიდატებს დიდი ძალისხმევის გაწევა მოუწევთ, რათა მოქალაქეებისთვის პრობლემების გადაჭრის გზების შეთავაზება და ამით მათი შთაგონება და მოტივირება მოასწრონ“, - განაცხადა ალან გილამმა, NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა.