მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნებისმიერ პატიმრობას აქვს და უნდა ჰქონდეს ვადა“ - იაგო ხვიჩია „კომენდანტის საათზე“

გირჩია წევრი

პარლამენტის დეპუტატი, პარტია „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში „კომენდანტის საათი“ უნდა მოიხსნას, რადგან ის ადამიანებისთვის შეურაცხმყოფელი შეზღუდვაა, რომელიც ამავდროულად ეკონომიკას გამოუსწორებელ ზიანს აყენებს.

მან აღნიშნული შეზღუდვა პატიმრობას შეადარა და განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობა უდანაშაულოდ ისჯება.

„ძალიან გავერთეთ რაღაც თემებით, მაგალითად პარლამენტში შესვლა-არ შესვლით და მთავარი საკითხები, რაც ქუჩაში ხდება გვავიწყდება. ჩემი აზრით, ძალიან შეცვლილია ქვეყანა ბოლო წლების განმავლობაში. ძალიან უსახური და ნაცრისფერი ხდება ნელ-ნელა ყველაფერი. ადამიანებს თითქოს არაფერი უხარიათ, რასაც მე ვაკვირდები და არ არსებობს იმედი, რომ ამ ქვეყნიდან რამე გამოვა, რომ ამ ქვეყნის ეკონომიკას ეშველება და რაღაც შეიცვლება.

ასეთი პირობებში ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს გამოცხადებული „კომენდანტის საათი“. ფაქტობრივად, ადამიანების გაღარიბების პროცესი მიდის ყოველდღიურად ჩვენ თვალწინ და გამოცხადებულია ადამიანებისთვის შეზღუდვა, მძიმე და შეურაცხმყოფელი, როგორიც არის 21:00 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვა.

ნებისმიერ პატიმრობას აქვს და უნდა ჰქონდეს ვადა, ნებისმიერ ასეთ შეზღუდვას, რომელიც ეხება ყველას, მთელი ქვეყნის უდანაშაულო მოსახლეობას. შეიძლება ამას არ ჰქონდეს ვადა და პარლამენტის წევრებს არ ჰქონდეთ პასუხი კითხვაზე, როდის დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას? და ეს იყოს დამოკიდებული, ფაქტობრივად, რაღაცა ტიპის ჯადოქრობაზე, რომელიც მე არ მესმის, ექიმების არადამაჯერებელ გამოსვლაზე, იმ ექიმების, რომლებმაც ადრე უკვე ბევრჯერ მოგვატყუეს და ვერანაირ ნდობას იწვევენ საკუთარი კვალიფიკაციით.

შეიძლება, რომ ჩვენ, საკანონმდებლო ორგანოს, ეს ამბავი ნორმალურად მიაჩნდეს და ეკონომიკის ასე გაჩერებას ვეგუებოდეთ ისე, თითქოს არაფერი ხდება?“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიამ მთავრობასა და პარლამენტს შეზღუდვების შემსუბუქებაზე მუშაობისკენ მოუწოდა.

„მე მინდა, რომ მუხრუჭებიდან ფეხი ავწიოთ და ქვეყნის ეკონომიკას მივცეთ საშუალება წინ წავიდეს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის მიზნით, საქართველოში 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა 6 თვეზე მეტია უწყვეტად მოქმედებს.