მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკა მელია: ახალი არჩევნების საკითხის გარეშე, საერთაშორისო პარტნიორების მედიაცია იქნება სიზიფეს შრომა

ნაცმოძრაობის თავმჯდომარე

„ჩემი პირადი პოზიცია არის მკვეთრი, რომ ახალი არჩევნების ან მასთან ქმედითუნარიანი, სწრაფი მისასვლელი გზის გარეშე, საერთაშორისო პარტნიორების მედიაცია ამ პროცესში იქნება სიზიფეს შრომა. მათი მხრიდან შედეგს ვერ გამოიღებს ძალისხმევა და სტაფილოს მორწყვის ტოლფასი იქნება“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საპატიმროდან „ტვ პირველისთვის“ მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა. 

მისი თქმით, აზრი არ აქვს იმ დოკუმენტზე ხელმოწერას, რომელშიც ახალი არჩევნების საკითხი არ იქნება.

„არჩევნების გარეშე ქვეყანაში კლიმატი ვერ შეიცვლება და მგონი, ეს ბავშვსაც კი ესმის. დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციის ბრძოლა არ არის ბრძოლა ბრძოლისთვის. ეს არის სახელმწიფოს სასარგებლო შედეგზე გათვლილი ბრძოლა. ამიტომ აზრს ნამდვილად ვერ ვხედავ ისეთ შეთანხმებაზე ხელმოწერაში, რომელშიც არ იქნება მთავარი, ახალი არჩევნები ან მასთან მისასვლელი გზა, რომელიც კრიზისს დაძლევს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

იგი ამ დროისთვის რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში სპეცრაზმის გამოყენებით 23 თებერვალს დააკავეს.

მას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.