მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკა მელია: ერთი სული და გული მაქვს, რომც ამომხადოთ, ჩემი შვილი იამაყებს ჩემით (ვიდეო)

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე სამართალდამცველებს მიმართავს Pia.ge

„ერთი სული და გული მაქვს, რომც ამომხადოთ, ჩემი შვილი იამაყებს ჩემით, რადგან თქვენ ხართ ისტორიის იმ მხარეს, სადაც დგახართ და მე ვარ მეგობრებთან ერთად იქ, სადაც ვარ“, - ამ სიტყვებით მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარტიის ოფისთან შეკრებილ სამართალდამცველებს.

ნიკა მელიამ პოლიციის წარმომადგენლებს მონები უწოდა და მათ ნიღბების მოხსნისკენ მოუწოდა:

„აღიარეთ, ხართ თუ არა მონები? თქვით, რომ ხართ! მონები ხართ თითოეული თქვენგანი. თქვენ ხართ გავრილოვის მონები“, - აღნიშნა მელიამ.

სამართალდამცველებთან მიმართვამდე მელიამ განცხადება გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, მის ოფისთან მიმდინარე მოვლენები რეჟიმის დასასრულს ნიშნავს:

„ეს არ არის შემოსვლა, ეს არის გასვლა. ეს ხელისუფლება გავა ფორმალური მმართველობიდან და მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი დაიბრუნებს ძალაუფლებას“, - განაცხადა მელიამ.

მელიამ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს მონები უწოდა და აღნიშნა, რომ მათი ქმედებების მიხედვით, ხვალ რომ 20 ივნისი გამეორდეს, მოსახლეობამ არ უნდა გააპროტესტოს.

„ვერც ერთ შემთხვევაში ხელს ვერ ააღებინებთ თავისუფლების მოყვარულ ხალხს გააპროტესტონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვის მცდელობა. ეს არის დასასრული. ეს არის რეჟიმის დასასრული. რეჟიმები ასე სრულდებიან. თითქოს და კუნთიანი სპეცდანიშნულების რაზმების წარმომადგენლებით ესენი ვერ შეინარჩუნებენ ხელისუფლებას“, - განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ უკვე ერთი საათია, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

შსს-ს წარმომადგენლებმა ნიკა მელიას მხარდამჭერებს პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვისკენ მოუწოდეს.

ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება. სამართალდამცველები მის დასაკავებლად ოფისში შესვლას გეგმავენ.