მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა სალომე ზურაბიშვილს აფხაზური ენის თემის პოლიტიზირებაში ადანაშაულებს

ე.წ. აფხაზეთის მთავრობა

„აფხაზური ენის თემის პოლიტიზირება და საერთაშორისო დონეზე მისი დანერგვა არის ღიად ჩარევა აფხაზეთის საშინაო საქმეებში“, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. ინფორმაციას „ეხო კავკაზი“ ავრცელებს.

ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობა ყურადღებას ამახვილებს, აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე.

„სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ეს პრობლემა მისთვის ყველაზე რთული და საპასუხისმგებლოა. სალომე ზურაბიშვილი განიხილავს „აფხაზეთის სახელმწიფოს“ არსებობის გარეშე აფხაზური ენის დაცვის შესაძლებლობას. მისი აზრით უმჯობესია, მშობლიური ენის შენარჩუნება ყოველგვარი სახელმწიფოებრიობის გარეშე“,- ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, სალომე ზურაბიშვილმა ასეთი განცხადება გააკეთა:

"გილოცავთ აფხაზური ენის დღეს. მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტს და კონსტიტუციის გარანტს, აფხაზური ენის დაცვის პასუხისმგებლობა მაკისრია.

ეს ჩემთვის უდიდესი და იმავდროულად უმძიმესი პასუხისმგებლობაა, მით უფრო იმ დროს, როდესაც აფხაზური ენა იუნესკოს მიერ გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფი ენების სიაშია შეტანილი.

პრეზიდენტად არჩევის დღიდან ვგრძნობ ამ პასუხისმგებლობას და ყველა ჩემს გამოსვლაში, სადაც ეს შესაძლებელია, ვცდილობ, ხაზი გავუსვა ამ საკითხს.

არაერთხელ გავამახვილე ყურადღება აფხაზური ენისა და კულტურის გადარჩენის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე, არამხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ზრუნვა სხვადასხვა ფორმით გამოიხატება - გამოვეცით საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის ქართულ-აფხაზური ვერსია, დაფინანსდა ორენოვანი ლიტერატურული ჟურნალი და ორბელიანების სასახლის ერთ-ერთ დარბაზს, სადაც ახლა ვდგავარ, ამრას სახელი დაერქვა.

ჩემი და ჩვენი პასუცისმგებლობა მხოლოდ აფხაზი ხალხის წინაშე არაა, აფხაზური ენისა და კულტურის შენარჩუნება და განვითარება ჩვენი ერთობლივი წარსულის, კულტურის, იდენტობის მიმართ არსებული მოვალეობაცაა, რადგან საქართველოს კულტურის უნიკალურობა და სიმდიდრე სწორედ ჩვენს ენობრივ მრავალფეროვნებაზე დგას. ამის დავიწყება ჩვენთვის საკუთარი თავის დავიწყების ტოლფასია და ეს შეუძლებელია.

ამავე დროს, აფხაზური ენის დაცვა ერთ-ერთია იმ საკითხთა შორის, რომელზეც შეგვიძლია ერთობლივად ვიზრუნოთ, ოკუპაციის ხაზის მიუხედავად, რამეთუ ეს არის ჩვენი ერთობლივი და სამომავლო ინტერესი.

თუ მომავალზე გვაქვს სწორება, ეს იმასაც ნიშნავს, რომ აფხაზურენოვანი ინტერნეტსივრცის გაფართოებასა და განვითარებაზე უნდა ვიზრუნოთ, რადგან ეს თანამედროვე მეცნიერებისა და ენათმეცნიერებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მე მჯერა, რომ გამოწვევის წინაშე ჩვენი საზოგადოება შეძლებს საერთო მიზნის ირგვლივ გაერთიანებას, ერთად დავძლევთ სიძნელეებს და ამით შევქმნით შერიგების და ერთობლივი მომავლის საწინდარს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.