მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პარლამენტში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანაზე მსჯელობა დაიწყო

საკანონმდებლო ორგანო

პარლამენტში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური კომიტეტის სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მსჯელობა დაიწყო.

კანონპროექტის მიხედვით მთავრობას, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, გარკვეული შეზღუდვების გატარების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდება.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მსოფლიო კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღას ელოდება, ამიტომ კანონში აღნიშნული ცვლილებების განხორციელება აუცილებელია.

„საჭიროა ხელისუფლებას ჰქონდეს საკანონმდებლო ბერკეტები, რითაც კრიზისის ეფექტურად მართვა კვლავ შეეძლება“,- აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

პარლამენტის წევრები კანონში შესატან ცვლილებებს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით უყრიან კენჭს.

კანონპროექტში შესატან ცვლილებებს ოპოზიცია მხარს არ უჭერს. მათი თქმით, ეს პროექტი არაკონსტიტუციურია, თუმცა, მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ქვეყანა უნდა მოემზადოს კორონავირუსის მეორე ტალღისთვის და მთავრობამ უნდა შეძლოს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე მართოს კრიზისი.

ცნობისთვის, მოქმედი კანონის მიხედვით, მთავრობას 15 ივლისის ჩათვლით აქვს უფლება დააწესოს რიგი შეზღუდვები, მათ შორის, გადაადგილებაზეც.