მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი შრომის ახალ კოდექსზე: ბიზნესს ფასი არ ექნება თუ უსაფრთხოებას არ დავიცავთ

გიორგი გახარია კანდიდატის წარდგენაზე

„საქართველოს პარლამენტში უკვე განიხილება შრომის ახალი კოდექსი, მეორე მოსმენით, რომელიც კიდევ უფრო უზრუნველყოფს მშრომელი ადამიანის შრომის პირობების უსაფრთხოებას, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბეჟან წაქაძის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ახალი შრომის კოდექსით, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვა მაღალ ხარისხში ავა.

„ის ბალანსი, რომელიც ჩვენ აუცილებლად უნდა დავიცვათ, როგორც ეკონომიკური განვითარების, ასევე მშრომელი ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, სულ უფრო და უფრო მაღალ ხარისხში ავა. არანაირ ბიზნესს, არანაირ შემოსავალს არ ექნება ფასი, თუ ადამიანის უსაფრთხოების ელემენტარული პირობები არ დავიცავით და ეს იქნება თანმიმდევრული მიდგომა, ვინც არ უნდა იყოს აქ, ტყიბულში, ვინც არ უნდა მუშაობდეს და რანაირი კომპანიაც არ უნდა იყოს. ეს არის ის მინიმალური პირობები, რაზეც უნდა შევთანხმდეთ, რაც, რა თქმა უნდა, არ გვაძლევს გარანტიას, რომ ერთ წუთში ან ერთ დღეში ყველაფერი გამოსწორდება და უმაღლეს ევროპულ დონეზე იქნება, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა შევინარჩუნოთ ტყიბული, როგორც ინდუსტრიული ქალაქი, როგორც მაღაროელების ქალაქი, ამ მიმართულებით ნელ-ნელა ნაბიჯი უნდა გადავდგათ,“- აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარიას თქმით, ტყიბულში განსაკუთრებით იგრძნობა სამუშაო ადგილების დეფიციტი და მთავრობის ყველაზე დიდი გამოწვევაა.

„გარდა ამისა, გულწრფელები უნდა ვიყოთ და ყველამ ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი გულის ტკივილი იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს ტყიბულში, ბევრგან სხვაგან საქართველოშიც, მაგრამ ტყიბულში განსაკუთრებით იგრძნობა სამუშაო ადგილების დეფიციტის საკითხი, რაც ჩვენს ტყიბულელებს აიძულებს ხშირ შემთხვევაში სხვაგან ეძებონ სამუშაო ადგილები, ეს არის მთავრობის ყველაზე დიდი გამოწვევა. ეს ის გამოწვევაა, რომელსაც ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვუპასუხოთ. ნებისმიერი ეკონომიკური რეფორმა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ძირითად მიზნად ისახავს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. განსაკუთრებით დღეს არის ეს პრობლემური, როდესაც ჩვენ, ყველანი ერთად, ჯერ პანდემიის კრიზისში ვართ და შემდეგ უკვე ეკონომიკური კრიზისიც დაგვეწია. საქართველო, სხვებთან შედარებით, ერთ-ერთი საუკეთესო პოზიციებით შევა ეკონომიკური აღდგენის ფაზაში და ეს, ჩვენ, ყველამ ერთად უნდა გავიაზროთ და ამისთვის, ერთობლივად უნდა ვიშრომოთ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში სისტემური ინფრასტრუქტურის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ არ უნდა იყოს განსხვავება, ადამიანი ცხოვრობს თბილისში, ბათუმში, ტყიბულში, თერჯოლაში, ზუგდიდში თუ სხვაგან.

მისივე თქმით, სახელმწიფოს ძირითადი ფუნქციები და სერვისები, ყველგან უნდა იყოს ერთი და იგივე და ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ყველას თანაბარი პირობები შეუქმნას.

„ტყიბულში სასმელი წყლის გამწმენდი ნაგებობის პრობლემაა, რომლის რეკონსტრუქცია დავიწყეთ და დამთავრდება, ისევე, როგორც ქსელების რეკონსტრუქციის პროექტი ახლა დგება და გაკეთდება იმისთვის, რომ გამწმენდი ნაგებობა როცა გვექნება, ტყიბულში 24-საათიანი წყალმომარაგება იყოს, საბოლოოდ. როგორც კი მაგისტრალების და ჩქაროსნული გზების პრობლემები გადაწყდება, რა თქმა უნდა, შიდა გზების პრობლემა დგება პირველ პრიორიტეტად. რა თქმა უნდა, ბავშვებს უნდა ჰქონდეთ თანაბარი პირობები იმისთვის, რომ მიიღონ ხარისხიანი განათლება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ იმ ადამიანებს რეგიონებში, მათ შორის ტყიბულში, რომლებსაც უნდათ, პირველი ნაბიჯები ბიზნესში გადადგან, სახელმწიფო გვერდით დაუდგეს და ეს პირობები შეუქმნას, თანაბარი პირობები შეუქმნას ყველას, იმის მიუხედავად, ვინ სად ცხოვრობს და ვის როგორი შესაძლებლობები აქვს. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი, რომელზეც თქვენთან ერთად უნდა ვიშრომოთ ყოველდღიურად იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში მივაღწიოთ ეკონომიკურად ძლიერ, სამართლიან, განათლებულ და ევროპულ სახელმწიფოს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.