მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერმა აშშ-ის საფინანსო კორპორაციის დირექტორთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა

გახარია კაბინეტში

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორ ადამ ბოელერს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოში DFC-ის მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე. განსაკუთრებულად აღინიშნა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის როლი საქართველოში კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით, მათ შორის, პანდემიის პირობებში.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს აშშ-სთან მაღალი დონის თანამშრომლობის კიდევ ერთი მტკიცებულებაა, არა მხოლოდ დემოკრატიზაციისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით, არამედ ეკონომიკური მიმართულებითაც.

გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და აშშ-ს შორის სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების მნიშვნელობაზე. აგრეთვე, ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მთავრობა ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტიმულირებისა და ხელშეწყობის მიზნით, არაერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს და პანდემიის პირობებში, ფოთის პორტში, „პეის ტერმინალის“ დაფინანსება ამის კარგი მაგალითია.

პრემიერმა აღმასრულებელ დირექტორს მადლობა გადაუხადა ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების მხარდაჭერისა და დაფინანსებისთვის, მათ შორის, როგორიცაა საქართველოს ზღვისპირეთში საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურა, საფინანსო სექტორი, ენერგეტიკა, კომუნიკაციები, ჯანდაცვა, ტურიზმი და სხვ.

თავის მხრივ, ადამ ბოელერმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგები პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით. მისი თქმით, ამ ბრძოლაში ხაზგასასმელია როგორც ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებები, ისე საქართველოს მოქალაქეების ძალისხმევა.

გიორგი გახარიამ ადამ ბოელერი საქართველოში მოიწვია. საუბარი შეეხო DFC-ის რეგიონული წარმომადგენლობის გახსნას საქართველოში, რომელმაც შესაძლოა დაფაროს აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები. აღინიშნა, რომ საქართველოში DFC-ს არა მხოლოდ უმსხვილესი, არამედ ერთ-ერთი ყველაზე დივერსიფიცირებული პორტფოლიო აქვს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც აღნიშნულ საკითხს განიხილავს. აგრეთვე, ყურადღება გამახვილდა რეგიონულ ჭრილში კერძო საინვესტიციო ფონდების გაძლიერებისა და ხელშეწყობის მნიშვნელობაზე. ვიდეოკონფერენიაში DFC-ის აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველი ქელებ მაკკერი, ხოლო საქართველოს მხრიდან ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს უფროსი გიორგი ჩერქეზიშვილი მონაწილეობდნენ.