მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერმა ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებს „ნამახვანჰესის“ საკითხზე რიონის ხეობაში ჩასვლა დაავალა

ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოსვლისას

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მოსახლეობის განწყობის შესწავლა და უახლოეს დღეებში რიონის ხეობაში ჩასვლა დაავალა. 

მისი თქმით, „ნამახვანჰესის“ შესახებ ყველა მწვავე კითხვას პასუხი უნდა გაეცეს, მათ შორის შესაძლებელია, რომ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენები გაიმართოს.

„მინდა გამოვეხმაურო „ნამახვანჰესის“ შესახებ მოსახლეობაში გაჩენილ წუხილს. ამ საკითხზე გაჩნდა კითხვები, რომელსაც უნდა გაეცეს პასუხი. ვფიქრობ, რომ ამ კითხვებზე უშუალოდ მინისტრების მიერაც უნდა იყოს პასუხი გაცემული. მე ვთხოვ ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას და ბატონ დავითაშვილს, რომ პირადად ჩავიდნენ ადგილზე, მაგალითად ხვალ და დაიწყეთ აქტიური კომუნიკაცია უშუალოდ მოსახლეობასთან. გაესაუბრეთ მათ თუ კონკრეტულად რასთან დაკავშირებით აქვთ წუხილი.

ასევე, მინდა, ვთხოვო ჩვენს მინისტრებს, რომ პარლამენტში გაიმართოს საკომიტეტო მოსმენები, მოწვეულ იქნან ამ საკითხით დაინტერესებული პირები და ყველა მწვავე კითხვას გაეცეს პასუხი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა რამდენიმე თვეა აქტიურად აპროტესტებს.

მშენებლობის შეჩერებისა და ინვესტორ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების გასაჯაროების მოთხოვნით ქუთაისის ცენტრში საპროტესტო აქცია 28 თებერვალს გაიმართა.

რიონის ხეობაში მოსახლეობის პროტესტს ყოველდღიური ხასიათი აქვს.