მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრეზიდენტი: რუსეთმა ვერ მიაღწია მიზანს, ომმა ვერ შეუცვალა გეზი საქართველოს

პრეზიდენტის ბრიფინგი 2019

„ვერც ომმა, ვერც ჩვენი ტერიტორიების 20%- ის ოკუპაციამ და ვერც ჩვენი მოქალაქეების უფლებებისა და იდენტობის შელახვამ გავლენა ვერ მოახდინა საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობაზე“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აგვისტოს ომის მე-12 წლისთავს.

პრეზიდენტი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ სწორედ ჩვეული უტეხი სულისკვეთება იყო საქართველოს პასუხი 2008 წლის ომზე და დღესაც ქვეყნის პასუხია - არშეგუება!

ზურაბიშვილი თავის განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთმა ვერ მიაღწია მიზანს, ომმა ვერ შეუცვალა გეზი საქართველოს, ვერ ააცდინა საკუთარ მიზანს, გამხდარიყო ღირსეული, ძლიერი, სტაბილური, დემოკრატიული და დამოუკიდებელი სახელმწიფო.

„12 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებიდან. პატივს მივაგებთ ჩვენს გმირ მეომრებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც ჩვენი სამშობლოს დაცვას შეეწირნენ. სწორედ ჩვეული უტეხი სულისკვეთება იყო ჩვენი პასუხი 2008 წლის ომზე და დღესაც ჩვენი პასუხია - არშეგუება! როგორც მრავალჯერ თავისი ისტორიის მანძილზე, საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გააჩნია გადარჩენის უზარმაზარი ჟინი და ენერგია. ოკუპაცია საქართველოს ყველა მოქალაქისათვის უდიდესი ტკივილია. ამ ტრაგედიას ერთნაირად განვიცდით საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. ყველას გვახსოვს, რომ ჩვენი, ოსებისა და აფხაზების ერთობა ათასწლეულებს ითვლის. გვახსოვს, რომ ჩვენ ერთი დიდი კულტურისა და საერთო კავკასიური ცივილიზაციის ნაწილი ვართ და ვინც ამ კულტურას, ამ ცივილიზაციას ებრძვის, ებრძვის არა მხოლოდ ჩვენს წარსულს, არამედ ცდილობს წაგვართვას ერთიანი მომავალიც. თუმცა ამაოდ! ვერც ომმა, ვერც ჩვენი ტერიტორიების 20%- ის ოკუპაციამ და ვერც ჩვენი მოქალაქეების უფლებებისა და იდენტობის შელახვამ გავლენა ვერ მოახდინა საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობაზე. რუსეთმა ვერ მიაღწია მიზანს, ომმა ვერ შეუცვალა გეზი საქართველოს, ვერ ააცდინა საკუთარ მიზანს, გამხდარიყო ღირსეული, ძლიერი, სტაბილური, დემოკრატიული, დამოუკიდებელი სახელმწიფო. არ შეჩერდა წინსვლა ევროპისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ახლახან კოვიდთან ბრძოლაში, კიდევ ერთხელ, ქართველმა ხალხმა დაამტკიცა თავისი მოქალაქეობრივი და სახელმწიფოებრივი თვითშეგნება, დადო შედეგი! ეს და სხვა მრავალი წარმატება წარმოადგენს ტრაგედიასა და ომზე რეალურ, გრძელვადიან გამარჯვებას. მოთმინება და მშვიდობიანი გზის არჩევა არ ნიშნავს დავიწყებას, ან შეგუებას. შერიგება, დაპირისპირების გადალახვა და წარსულიდან საერთო მომავლის კონტურების დასახვა ჩვენი მიზანია. რუსეთმა კი, უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და გაიგოს, რომ ომით მოპოვებული ტერიტორია, ძალით ოკუპირებული და შიშით დატყვევებული მოსახლეობა რეგიონს ვერც სტაბილურობასა და ვერც კეთილდღეობას ვერ მოუტანს. მსოფლიო გლობალური საფრთხეები დღეს ახალ მიდგომებს მოითხოვს. წარსულში ჩარჩენილი ძალმომრეობითი პოლიტიკა ანაქრონულია, რამეთუ ამ გამოწვევების წინაშე უძლურია. თავისუფლებას, მშვიდობასა და სოლიდარობას ალტერნატივა არ გააჩნია“, - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

ცნობისთვის, რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. 2008 წლის 8 აგვისტოს, პირველად ცივი ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ ღია სამხედრო აგრესია განახორციელა, რის შემდეგაც მის მიერვე ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.

აგვისტოს ომიდან მე-12 წლისთავზე აშშ-ის საელჩომ რუსეთის ფედერაციას კვლავ მიმართა და მოუწოდა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება უკან წაიღოს.