მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, 2020 წელი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალ საარჩევნო მოდელზე პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა.

„დღეს ისტორიული დღეა, ხელი მოვაწერე საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც წარმოადგენს ჩვენს ქვეყანაში ახალ ნაბიჯს საქართველოს დემოკრატიულ გზაზე, ამისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო პარლამენტს, ყველა იმ წევრს, რომელმაც მხარი დაუჭირა  ამ ცვლილებას. ასევე, პარლამენტის ყველა იმ წევრს, რომელმაც მხარი არ დაუჭირა დღეს ამ ცვლილებას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რეალურად ყველა უჭერს მხარს ამ ცვლილებებს, რადგან ეს არის ჩვენი პროგრესისკენ, დემოკრატიისკენ, სტაბილურობისკენ გადადგმული ძალიან სერიოზული ნაბიჯი, და სერიოზული ნაბიჯი იმ არჩევნების დღისკენ, რომელიც გველოდება ოქტომბერში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.  

როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ის პასუხისმგებლობას გრძნობს იმასთან დაკავშირებით, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სტაბილურად მივიდეს ქვეყანა.

„ამისთვის გადავდგი თავის დროზე ის რთული ნაბიჯი, რომელსაც ერქვა შეწყალება. არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ რომელიმე შეთანხმებაში ეწერა რამე, რომელშიც მე არ ვმონაწილეობდი და არ ვთვლიდი, რომ ვიყავი პასუხისმგებელი. მივიღე გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ის ემსახურებოდა ქვეყნის სტაბილურობას. დღეს სწორედ გამყარდა ქვეყნის სტაბილურობა. არ შეიძლება ხაზი არ გავუსვა, ასევე, ფასილიტატორი ელჩების როლს ამ პროცესში. მინდა, მათ მადლობა გადავუხადო, რადგან მათი ჩართვაც იყო ამ სტაბილურობის გამყარებისკენ ორიენტირებული.

ყველამ ვიცით, რომ რთული პერიოდი გველოდება. ჩვენი წარმატებები ამ პანდემიის დროს, ჩვენი დღევანდელი სტაბილურობა, ბევრს შეიძლება არ აწყობდეს. ბევრი გამოწვევა კიდევ იქნება იმ გზაზე, რომელიც მიგვიყვანს არჩევნებამდე. ამ გამოწვევებს ყველა ერთად გავუმკლავდებით და მჯერა, რომ ჩავატარებთ მშვიდობიან, გამჭვირვალე, სამართლიან არჩევნებს, როგორც არის დაგეგმილი. ისიც მჯერა, რომ პანდემიაც ვერ შეგვიშლის ხელს ამაში“,- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.