მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა გეგმები აქვს ოპოზიციას პარლამენტის შეკრების დღეს?

დავით ბაქრაძე

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ „ევროპული საქართველოს“ წევრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, ოპოზიციურმა პარტიებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტის შეკრების დღეს გაიმართება მცირე სიმბოლური აქცია, ამასთან ისინი შეიკრიბებიან და ლიდერები სამ სხვადასხვა დოკუმენტს მოაწერენ ხელს.

დავით ბაქრაძის თქმით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ფართომასშტაბიანი აქცია არ გაიმართება.

„აუცილებლად გვექნება სიმბოლური პროტესტის გამოხატვა, რომელიც აუცილებლად აჩვენებს, რომ საქართველომ გაყალბებული არჩევნების შედეგად მიიღო ერთპარტიული პარლამენტი.

პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად მოხდება ოპოზიციის შეკრება, სადაც ოპოზიციური ლიდერები ხელს მოაწერენ სამ სხვადასხვა დოკუმენტს.

პირველი დოკუმენტი - ეს იქნება მთლიანად ოპოზიციური სპექტრის განცხადება კიდევ ერთხელ, რომ არჩევნები არის გაყალბებული და მოთხოვნაა ახალი არჩევნები, საარჩევნო ცვლილებები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

მეორე დოკუმენტი - ეს იქნება იმ კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების განცხადებები, ვინც ამ გაყალბებული არჩევნებით უნდა შესულიყო პარლამენტში და ამაზე უარს აცხადებს. თითოეული ადამიანი საჯაროდ მოაწერს ხელს, რომ არ აპირებს პარლამენტში შესვლას და გაყალბების დაკანონებას.

მესამე დოკუმენტი - ეს იქნება პარტიული განაცხადი, სადაც ჩაიხსნება პარტიული რეგისტრაცია, პარტიული სიები და არცერთი პარტია არ მოახდენს არ შესული დეპუტატების ჩანაცვლებას“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ინფორმაციისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 8 ოპოზიციურმა პარტიამ საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად 1%-იანი ბარიერი გადალახა. თუმცა, ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და გაყალბებაზე საუბრობენ. ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო მანდატებზე უარს აცხადებენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🛑 ბოდიშს ვუხდით ადამიანებს - „გირჩი“ „ტესლას“ ვეღარ გაათამაშებს

🛑 როდის შეიკრიბება მე-10 მოწვევის პარლამენტი?

🛑 რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია მანდატებზე უარს იტყვის?